LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრის მოადგილე: „საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად კი 5“

115
Capture

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირია დაკავებული, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად კი 5 პირი. ამის შესახებ დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი:

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან:

1.1972 წელს დაბადებული დ.ლ. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.

2.დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ., რომელმაც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი.

3.სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ., რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

4.დაკავებულია 2007 წელს დაბადებული მ.გ., რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.

5.ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.

დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.

დასრულებული 89 საქმიდან:

43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა

41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.

5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g