LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის პირადი სივრცე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

579
სალომე-ლურსმანაშვილი

რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს პატარა ასაკიდან ჰქონდეს პირადი სივრცე, რომელიც მშობლების პირადი სივრცისგან იქნება გამოყოფილი – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა სალომე ლურსმანაშვილმა ისაუბრა.

როგორ მოქმედებს პირადი სივრცე ბავშვზე?

პირადი სივრცე და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვან გავლენებს ახდენს ბავშვის განვითარებაზე და მის დამოუკიდებლობის ხარისხზე. პირადი სივრცის მცნების გაგებას ბავშვები ხშირ შემთხვევაში უფროსებისგან(მშობლებისგან)სწავლობენ. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები უნებურად არღვევენ შვილის საზღვრებს და უსაფრთხოების განცდას. მოდით განვმარტოთ, რა შეიძლება იყოს პირადი სივრცე და როგორ შეიძლება დაირღვეს ის.
პირად სივრცეს წარმოადგენს ბავშვსა და სხვა ადამიანს შორის მანძილი, რომელიც უხილავი ხაზებითაა გამოყოფილი. მანძილის აღქმა ყველასთვის ინდივიდუალურია, ხოლო ამ ხაზების გადაკვეთა ნებართვის გარეშე, წარმოადგენს ბავშვის პირადი სივრცის დარღვევას და უსაფრთხოების განცდის არქონას იმ გარემოში ან ადამიანთან, სადაც ეს ხდება. პირადი სივრცის დარღვევად ჩაითვლება ყველა ის ქმედება, რაც მისი ნებართვის გარეშე მოხდება სხვა ადამიანის მხრიდან: ბავშვის სხეულზე შეხება,(ჩახუტება/კოცნა), მის ოთახში დაუკაკუნებლად შესვლა წარმოადგენს მისი საზღვრების, პირადი სივრცის დარღვევას, რაც თავისთავად მას უსაფრთხოდ აღარ აგრძნობინებს თავს.

მშობლებისგან ხშირად ისმის კითხვები თუ რისთვის სჭირდებათ შვილების ჩახუტებაზე ან კოცნაზე ნებართვის აღება? ამაზე კი ასეთი პასუხი გვექნება: ბავშვები თუ დაინახავენ იმას, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტი ადამიანები მათგან ჩახუტებაზე იღებენ ნებართვას, თავისთავად ცხადია, რომ უცხო ადამიანს ან ნაცნობს მისი ნებართვის და სურვილის გარეშე არ მისცემენ ამის უფლებას, ასევე ეს ფაქტი ზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვები ახდენენ ამ ფაქტის გენერალიზებას და ცდილობენ სხვისი საზღვრების პატივისცემას, რაც დადებითად აისახება მათ ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე.

რა ასაკიდან ვიწყებთ პირად სივრცეზე ზრუნვას?

ბავშვის განვითარების პერიოდში, როდესაც ის იწყებს დამოუკიდებლად სიარულს, დამოუკიდებლად რაიმეს გაკეთებას ჭამას ან თუნდაც ჩაცმას, აუცილებელია დაველოდოთ, მხარი დავუჭიროთ და ვაცადოთ იმის გაკეთება, რაც იმ მომენტისთვის მას მოსწონს. ამით ბავშვი ხედავს, რომ მისი ოჯახი მის სურვილებს პატივს სცემს და იცავს გარკვეულ საზღვრებს.
პირადი სივრცის აღქმა განსაკუთრებით მძაფრდება მოზარდებში გარდატეხის ასაკის დროს, როცა ორგანიზმში ბუნებრივად მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდს ჰქონდეს მისი ოთახი,სადაც ნებართვის და დაკაკუნების გარეშე არავინ შევა,სადაც შეეძლება,რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს.
თუ პირადი ოთახი არ აქვს, ბავშვს უნდა გამოვუყოთ ცალკე საწოლი, განჯაჭვის ასაკიდან, 2-3 წლიდან ბავშვს უნდა ეძინოს მშობლებისგან დამოუკიდებლად, რათა სამომავლოდ არ წამოვიდეს მთელი რიგი პრობლემები, რაც მოზარდობის ასაკში კარგად არის გამოხატული. თუ გარკვეულ ასაკში მოზარდს არ აქვს პროტესტი, რომ მას მშობლების ოთახში ან უარესი, საწოლში სძინავს, მშობლები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით და შეეცადონ გაარკვიონ ამის მიზეზი ან მიმართონ ფსიქოლოგს.

magti 5g