ბრიტანელი მილიარდერის ჯიმ რეტკლიფის კომპანია Ineos Automotive-მა, რომელიც გეგმავს ყველგანმავალი „Land Rover Defender“-ის ფილოსოფიით აღადგინოს, შეთანხმება გერმანულ საინჟინრო ფირმა Mbtech-თან გააფორმა. კომპანია, რომელიც ნაწილობრივ Mercedes-Benz-ს ეკუთვნის, ავტომობილის პირველ პროტოტიპებს წლის ბოლოსთვის შექმნის. ინფორმაციას Autocar ავრცელებს.
შეთანხმების ფარგლებში, Mbtech პროექტ „გრენადერზე“ მუშაობისთვის 200 ინჟინერს გამოყოფს. Ineos Automotive-ის დირექტორის, დირკ ჰაილმანის განცხადებით, ისინი შეეცდებიან გერმანული საინჟინრო ხელოვნება ბრიტანულ დიზაინთან გააერთიანონ.
Mbtech-ის ერთ-ერთ ამოცანას ავტომობილის სპეციფიკაციების შემუშავება წარმოადგენს, რომელიც საიმედო და უკომპრომისო ყველგანმავალი იქნება. ამასთან, ის ორიგინალი Defender-ის „სულს“ შეინარჩუნებს მაგრამ მასთან პირდაპირ კავშირში არ იქნება.
2016 წელს რეტკლიფმა საწარმოო ხაზის ნაწილისა და Defender-ის წარმოების უფლების მოპოვება სცადა, მაგრამ Land Rover-სგან უარი მიიღო. სანაცვლოდ, ბიზნესმენი ჩრდილოეთ ინგლისში ახალ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში 250 მილიონ ფუნტს სტერლინგს ჩადებს. სავარაუდოდ, რეტკლიფის ყველგანმავალი Defender-თან შედარებით არსებითად სრულყოფილი იქნება უსაფრთხოებისა და მავნე გამონაბოლქვის საკითხებში.