LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი, პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა“

222
თემურ ჭყონია

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად მისული ბიზნესმენის, თემურ ჭყონიას განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება.

თემურ ჭყონია: „ადამიანები, ვის გამოც დღეს სასამართლო პროცესი მიდის, მხარში საქართველოს მომავალს ედგნენ და საქართველოს მომავლისთვის რომ ადამიანს ასამართლებ, როგორი აგრესიული ფორმითაც არ უნდა გამოეხატა ეს, ჩემთვის მიუღებელია“

როგორც მამუკა მდინარაძემ თემურ ჭყონიას განცხადებების შეფასების დროს აღნიშნა, „სულ ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით“.

„თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი – თავს ზედმეტად ნუ დაიიმედებს და პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა…

არ ვიცი მისი [თემურ ჭყონიას] ლიცენზიის პირობები, მაგრამ ლიცენზიის პირობებში ჩახედოს კარგად. ბევრი მსგავსი კომპანია გამიგია, რომელიც თავის ფილიალებს ასანქცირებს იმის გამო, რომ პოლიტიკაში ერევიან. აქედან გამომდინარე, სულ ყველამ თავს მიხედოს, ვინც დაიმედებულია ქართველი ხალხის არჩევანის დასანქცირებით. ყველა დაფიქრდეს, როგორ ვითარდება მსოფლიოში მოვლენები გეოპოლიტიკური მიმართულებით. მსოფლიოში რა ხდება და ესენი აქ დარბიან – ბებიას Бабушка ვერ ერქმევა, მაიმუნს – Обезьяна, ძაღლს – Собака და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. ჭადრაკის დაფის და „მაიდნის“ მოდელებს გადმოიტანენ ხოლმე. მსოფლიოში ცოტა სხვანაირად ვითარდება მოვლენები და ცოტა სხვა მასშტაბურ, გლობალურ გადალაგებებთან და ტურბულენტობასთან გვაქვს საქმე. ამ გლობალურ ტურბულენტობაში და იმ გლობალურ პროცესებში, რომელიც ადრე წლები ვითარდებოდა, ახლა დღეებშიც იცვლება ხოლმე. ვხედავთ, როგორ დაჩქარდა პროცესები. კიდევ კარგი, უმრავლესობა ითავისებს ამას და იქნებ გავითავისოთ, რომ ამ დიდი საკითხების გადაჭრის დროს საქართველომ, რაც მთავარია, თავისი თავი შეინარჩუნოს და გადაირჩინოს. ამაზე ვართ ორიენტირებული და შენ, ეთნიკური ქართველი აქ რომ მებრძვი, იქნება ცოტა დაფიქრდე და ცოტა ხანი გვერდზე გაიწიო, რომ ფიზიკურად გადარჩე.

როცა იცი, ქვეყანას ფიზიკური გადარჩენის საფრთხე აქვს და მაინც ვიღაცის ინტერესებს ატარებ და მერე ცდილობ სხვას მოღალატე დაარქვა, ეს ღალატი კი აღარ არის, ეს არის უკანასკნელი ფსკერი, რომლის იქით საკუთარი სამშობლოს წინაშე მავნებლობა აღარ არსებობს, ეს ყველამ უნდა გავითავისოთ – იქნება ეს ახალგაზრდა, ხანში შესული თუ შუახნის ადამიანი – ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახლა არის დრო, როცა ამ გლობალური დიდი ძვრების პროცესში ამ პატარა, მაგრამ საბედნიეროდ, ამაყმა ქვეყანამ, ბრძენი ხალხით საკუთარი თავი უნდა გადაირჩინოს და გავიდეს სამშვიდობოს და ფონს საღ სალამათი, ფიზიკურად ცოცხალი და ელემენტარული ეკონომიკით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, დღეს თემურ ჭყონიამ „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ „აშშ-დან დაძრულია უშველებელი წნეხი, რომელიც ყველა იმ ადამიანზე გავრცელდება, რომელიც დღეს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას „ამაგრებს“.

შეგახსენებთ, „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g