გასულ წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ მელ გიბსონი სკანდალური ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავდა. ახლახან აღნიშნული სიახლე თავად მსახიობმა და რეჟისორმა დაადასტურა.
მელ გიბსონმა გეგმების შესახებ ჯო როგანის პოდკასტში ისაუბრა. მას ეპიკურ ბიბლიურ დრამაზე მუშაობის დაწყება მომავალ წელს სურს.
„სახელზე უკვე შევჯერდით, ფილმს „ქრისტეს აღდგომა“ ერქმევა. სცენარში წარმოუდგენელი ამბები ხდება. ჩემი აზრით, ყველაფერი ანგელოზების დაცემით უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაგან, სხვა სამეფოში უნდა გადავინაცვლოთ. ჯოჯოხეთში უნდა ამოვყოთ თავი“, – განაცხადა 69 წლის გიბსონმა.
მისი თქმით, იესო ქრისტეს როლს კვლავ ჯიმ ქევიზელი შეასრულებს. მსახიობის გასაახალგაზრდავებლად გიბსონი სხვადასხვა ტექნოლოგიის, მათ შორის, CGI-ის გამოყენებასაც განიხილავს.
შეგახსენებთ, პირველი ნაწილი 2004 წელს გამოვიდა და მსოფლიო კინოგაქირავებაში 600 მილიონი გამოიმუშავა. კინოსურათისთვის, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო საათებზე გვიყვება, სცენარი მელ გიბსონმა და ბენედიქტ ფიცჯერალდმა დაწერეს.
მელ გიბსონი სკანდალური ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ ახალ ნაწილზე მუშაობს