„როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, ცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით – ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?!“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა.
როგორც მან სხდომის დასრულების შედეგ აღნიშნა, მის მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდია. ელისაშვილის განცხადებით, მომდევნო სხდომა 6 თებერვალს ჩაინიშნა.
ალეკო ელისაშვილი: „მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით – გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო?“
ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და პარალელს მისი დაკავების საქმეთან ავლებს.
„ფაქტია, რომ დღეს, არ დამიჭირეს. 6 თებერვალს გაიმართება მომდევნო სხდომა, არსებითი განხილვა, სამწლიანი მუხლია. აბსოლუტურად აბსურდია, რომ მე ვიღაც ალი ბაბაევი [ვცემე]. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, ვინ ოხერია ალი ბაბაევი, რომელიც თურმე ისეთი პოლიტიკური მოღვაწე ყოფილა, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობით გადავრეულვარ, ქუჩაში ვეტაკე და არიქა… შემაგინა და მაგაზე მქონდა რეაქცია.
თან, როგორი აბსურდია შეხედეთ, გიორგი გახარია, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო, ათმა კაცმა წიხლქვეშ გაიგდო, სცემა და პოლიტიკური დევნით კი არ აღძრეს საქმე, არამედ ცემის, 126–ე მუხლით აღძრეს და მე აღმიძრეს პოლიტიკური დევნით. წარმოიდგინეთ, ანუ გიორგი გახარია პოლიტიკოსი არ არის და მას პოლიტიკურად არ გაუსწორდნენ და პოლიტიკოსია თურმე ალი ბაბევი. ნებისმიერმა მითხარით, ვინ იცით, ვინ ოხერია ალი ბაბევი?! შესაბამისად, ამას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ დამიჭიროს.
მინდა ვუთხრა „ჯიგრებს“, რომ მე არ მეშინია, ვიყავი, ვნახე, დიდი არაფერი საშიში იქ არ არის. დაჭერისთვისაც და ციხეში წასვლისთვისაც მზად ვარ. არ ვიცი, ამათ თავში რა იხარშება, ამას ღმერთმა უწყის, ფაქტია, რომ არასწორი მუხლი მაქვს წარდგენილი.
გახარია სცემეს, თურმე ის არ ყოფილა პოლიტიკური დევნა და სხვა მუხლით არის აღძრული საქმე და მე რომ ვიღაცა ქეციანი, კაციშვილმა რომ არ იცის, ვინ ოხერია ეს ალი ბაბაევი და მას რომ შემოვცხე, რადგან რამდენჯერმე შემაგინა – ამის გამო თურმე პოლიტიკურად ვდევნი მას. ალი ბაბაევია თურმე პოლიტიკოსი და გახარია არაა პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, აბსურდია. ჩემი დაჭერა თუ უნდათ, დამიჭირონ, არ მეშინია, აგერ ვარ”, – განაცხადა ელისაშვილმა.
„ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს“ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.