LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომში ვართ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, ერთად ვიბრძვით თუ ერთმანეთს ვებრძვით… გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება“ – თინა ბოკუჩავა

402
თინა ბოკუჩავა, გიორგი გახარია

„გახარიას პარტიის პოსტი, რომელიც დადეს და შემდეგ აიღეს, სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემის გამოხატულებაა. რეალობაში, სადაც ივანიშვილი ქვეყანას გვართმევს, რუსულ ოცნებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კამპანიური ხასიათის ნარატივით ტოლობის ნიშნის დასმა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, არის ცრუ ნარატივების პედალირების, ივანიშვილის პროპაგანდის კვების და ოპოზიციის ფრაგმენტაციის მცდელობა და საერთო საქმის მტრობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა წერს სოციალურ ქსელში.

„ომში ვართ და უნდა ჩამოვყალიბდეთ, ერთად ვიბრძვით თუ ერთმანეთს ვებრძვით.

გახარიას თუ ჰგონია, ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენდს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. ან ვიმარჯვებთ, ან ყველა ვნადგურდებით. შემდგარ დიქტატურაში ივანიშვილს არც გახარია დასჭირდება ოპოზიციად და დემოკრატიობანას სათამაშოდ.

მორალური პედესტალიდან როცა საუბრობს, გაიხსენოს, რომ მის სიაშიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მე ის პერიოდი ძირითადად საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიაზრებ და ვიზიარებ“, – წერს თინა ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საპარლამენტო მანდატების საკითხსაც შეეხო და დაინტერესდა, როდის დაწერენ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ.

„და ბოლოს, რადგან მანდატების საკითხზე თავად გახსნა დისკუსია გახარიამ, როდის წერს განცხადებებს არალეგიტიმური პარლამენტის დატოვების შესახებ თუ მართლა ჰგონია საზოგადოება მიიღებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ იმუნიტეტისთვის სჭირდება მანდატი? მაშ იმ ათასობით დემონსტრანტს რას ეუბნება, ვინც იმუნიტეტის გარეშე ყოველდღიურად დაჭერის საფრთხეს არ უშინდება? მორალური სიცხადისთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანი კითხვა მგონია, ვიდრე ის ყალბი ბუღალტერია, რასაც გახარია გვთავაზობს და რომელიც სინამდვილეში, ივანიშვილის საბუღალტრო წიგნაკშია დაწერილი“, – წერს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, გუშინ, 5 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პარლამენტის 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ლიდერები არიან გამოსახული და ნათქვამია, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია“. მოგვიანებით, ეს ბანერი გამოაქვეყნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც დამატებული იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით „დარჩენილია 89 ნაცი“.

გახარიას პარტიის პოსტი, რომელიც დადეს და შემდეგ აიღეს, სინამდვილეში გაცილებით დიდი პრობლემის გამოხატულებაა. …

Posted by თინა ბოკუჩავა / Tina Bokuchava on ოთხშაბათი, 05 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g