LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „მზიაც ისტორიის კუთვნილებაა, ნინოც ქართული გენის სიამაყეა, ხოლო ის მოსამართლე, ვინც ამ ვიდეოში ჩანს, ისევ ნინოს გამო შეიძლება შემორჩეს ისტორიას, ხოლო როგორ? დრო გვიჩვენებს! და გაგახსენებთ ერთ მშვენიერ დღეს!“

172
ნიკოლოზ რაჭველი

10 იანვარს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც მომღერალ ნინო ქათამაძისა და კიდევ 8 მოქალაქის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხი განიხილებოდა, ნინო ქათამაძემ საქმის მოსამართლეს, ციცინო მოსიძეს სიტყვით მიმართა.

„მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი – ხმა მუსიკის, მეორე – სიმართლის ხმა… მზიას, რომელიც 14 დღე შიმშილობდა, ჩვენი ხმა სჭირდებოდა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა“ – ნინო ქათამაძე მოსამართლეს

აღნიშნულ სასამართლო პროცესს და ნინო ქათამაძის მიმართვას სოციალურ ქსელში ეხმიანება მუსიკოსი, პიანისტი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და წერს:

„ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი… და რა აზრი აქვს ჩემს ტექსტს ახლა…

თითქმის ნახევარი პლანეტა მაქვს მოვლილი ამ საოცარ მუსიკოსთან და, ამავდროულად, ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად და მის საგრიმიოროებთან ძალიან ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ლეგენდარული პიროვნება მინახავს მისალოცად და თაყვანისცემის გამოსახატავად საკმაოდ გრძელ რიგში ჩამდგარი…

ჰოდა ისტორია თავისას იტყვის, ნინო ქათამაძე ნინო ქათამაძედ დარჩება, მისი მოტანილი ახალი სიტყვა ქართულ სასიმღერო მუსიკაში მუდამ ჩაითვლება საეტაპო მნიშვნელობის კულტურულ მოვლენად… მაგრამ ასევე ისტორია იტყვის, რომ ის ქართულმა სამართლიანმა მართლმსაჯულებამ დამნაშავედ ცნო, რადგან თავისი ხმით და არსებობით, კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის უფლებით იცავდა ღირსების პატიმარს, მოშიმშილე ჟურნალისტს, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ სამი თითით სილის გაწვნის გამო თავდამსხმელად შერაცხა და მერე ქართულმა საამაყო პოლიციამ სახეში აფურთხა, წყლის მიწოდება და საპირფარეშოთი სარგებლობა სანატრელად უქცია…

ხოდა, მზიაც ისტორიის კუთვნილებაა, ნინოც ქართული გენის სიამაყეა, ხოლო ის მოსამართლე, ვინც ამ ვიდეოში ჩანს და ერთი სული აქვს დროზე დაასრულოს პროცესი (რადგან განაჩენი დაწყებამდე გამოტანილია) ისევ ნინოს გამო შეიძლება შემორჩეს ისტორიას, ხოლო როგორ?

დრო გვიჩვენებს! და გაგახსენებთ ერთ მშვენიერ დღეს!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

ნინო ქათამაძე: „თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია“ – მოსამართლემ ცხრა პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ შორისაა მუსიკოსი ნინო ქათამაძეც

ვწერ, ვშლი, ვწერ, ვშლი… და რა აზრი აქვს ჩემს ტექსტს ახლა… თითქმის ნახევარი პლანეტა მაქვს მოვლილი ამ საოცარ მუსიკოსთან…

Posted by Nikoloz Rachveli on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025

ცნობისათვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g