28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო, – ამის შესახებ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა მიაყენეს
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ის აღნიშნავს, ჯაიანი მკვლელობას აღიარებს, თუმცა, განსაკუთრებულ სისასტიკით ჩადენას არ ეთანხმება.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ გავხადეთ, სადავოდ გავხადეთ მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი, გარკვეული კითხვები გვაქვს, რადგან ბრალდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას და გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ასევე არ აღიარებს სისტემატურ შეურაცხყოფას და ძალადობას. ჩვენ უდავოდ გავხადეთ მტკიცებულებები, რადგან ეს მტკიცებულებები დარწმუნებულები ვართ, რომ ვერ ადასტურებს ამ ნაწილში წარმოდგენილ ბრალდებას, რასაც ჩვენ ვდავობთ. სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებთ ყველაფერს, გვჯერა, რომ ამ ნაწილში ბექა ჯაიანი გამართლდება. იგი თავს დამნაშავედ ცნობს განზრახ მკვლელობაში და ნანობს”,- განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, თუ რას უპასუხებს პროკურორს, რომელიც ამბობს, რომ სწორედ სამედიცინო ექსპერტიზით დასტურდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და ასევე, მოწმეთა ჩვენებებით, აბრამიძის მიმართ განხორციელებული ძალადობა, მდინარაძე პასუხობს, რომ “ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია”.
„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ჭრილობები ავტომატურად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას არ ნიშნავს. ეს არის სამართლებრივი შეფასების საკითხი. სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს მკვლელობა სისასტიკით მოხდა თუ არა, ეს იურიდიული შეფასების საკითხია და ამას საბოლოოდ სასამართლო აფასებს. გააჩნია, ჭრილობა როდის არის მიყენებული, რომელმა გამოიწვია სიკვდილი. ამ 28 ჭრილობიდან სიკვდილის გამომწვევი მხოლოდ 4 ჭრილობა იყო, დანარჩენი მსუბუქი ხასიათის იყო. ექსპერტი პატარა ნაკაწრსაც დაზიანებად აღნიშნავს, ამიტომ ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეს ჭრილობები იმისთვის იყო მიყენებული, რომ ის ტანჯვით მოეკლა, ასეთი განზრახვა ბექა ჯაიანს არ ჰქონია.
სისტემატურ ძალადობას პირდაპირი მტკიცებულებები სჭირდება, როგორ დაადასტურებს ბრალდების მხარე ამას, როცა პირი გარდაცვლილია”,- განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება მოტივს, როგორც მდინარაძე განმარტავს, ჯაიანს „შანტაჟის შეეშინდა”.
„მოტივი ის იყო, რომ კესარია აბრამიძის მხრიდან ხორციელდებოდა მძიმე შეურაცხყოფები, მუქარები და შანტაჟები, ასევე დამცირება, რაც მტკიცებულებებითაც დასტურდება”,- განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, ამის გამო უნდა მოეკლა? ადვოკატი აცხადებს, რომ ჯაიანს შეეშინდა.
„შანტაჟის შეეშინდა, როგორც პირადად მისი, ასევე მშობლების მიმართ იყო შანტაჟი, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია. მტკიცებულებებს დასკვნითი სიტყვის დროს შევაჯამებ”,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.