LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ფულადი ჯარიმების ზედა ზღვარი გაათმაგდა

115
ფულადი ჯარიმა (1)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ ცვლილებები შეიტანა და დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზედა ზღვარი გაზარდა – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკს ბანკების დაჯარიმება შეეძლება მათი საზედამხედველო კაპიტალის 1%-ის ოდენობის თანხითაც, რასაც აქამდე კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და მისი ზედა ზღვარი 0.1%-ით იყო განსაზღვრული.

ბანკების ფულადი ჯარიმების განმსაზღვრელი ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს მიიღო და მისი მიხედვით, ეროვნულ ბანკს ბანკებისთვის შეეძლო დაეწესებინა ჯარიმა, რომლის მოცულობაც საზედამხედველო კაპიტალის 0.01%, 0.05%, 0.1% იყო, ახალი ბრძანებით მას ემატება საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ისა და 1%-ის ოდენობის ჯარიმები.

აღნიშნული ცვლილება, მიღებამდე, ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების პროექტების ბაზაში ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, 2025 წლის 4 მარტს კი ნათია თურნავამ მას ხელი მოაწერა, რის შედეგადაც ის ძალაში შევიდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება საზედამხედველო ეფექტიანობის ზრდისკენ არის მიმართული.

magti 5g