საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთ პროექტს ახორციელებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, დასაქმება, ბიზნესი. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა.
ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი:
– უკვე 5 წელზე მეტია, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებისთვის განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის განსაკუთრებით გვეამაყება იდეათეკების პროექტი. იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც, ძირითადად, რეგიონების სკოლებში ეწყობა. უკვე 22-ზე მეტი იდეათეკა გვაქვს. აქ სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც წიგნებით, ისე STEM-ის მიმართულების აღჭურვილობით. გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს სივრცე არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ ზოგადად იმ ლოკაციაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იქცა თავშეყრის საყვარელ ადგილად. ასევე დიდი სიამაყით შემიძლია ვისაუბრო კომაროვის სკოლასთან პარტნიორობის შესახებ. საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით. საქართველოს ბანკი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ყოველწლიურად, საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას 100%-ით, ხოლო 30-ს – 50%-ით უფინანსებს.
– საქართველოს ბანკი, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, შესაძლებლობებს სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვისაც ქმნის. ამ სეგმენტზეც ვისაუბროთ.
– სტუდენტები ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან, ამიტომ, გარდა იმისა, რომ მათთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, გავცემთ სტიპენდიებსაც. მაგალითად, საქართველოს ბანკის სტიპენდია ბანკის პარტნიორი 22 უმაღლესი სასწავლებლის მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტს (მთელი ქვეყნის მასშტაბით) აძლევს საშუალებას, მიიღოს სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. ასევე მნიშვნელოვან წამოწყებად მიგვაჩნია MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამა – MAC Georgia-ს ფონდი, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდენტებს (განურჩევლად ქალაქისა, სადაც სწავლობს) სწავლის სემესტრული და საცხოვრებელი ხარჯები უფინანსდებათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია სწავლის შესაძლებლობა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში – საქართველოს ბანკი, CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით. საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge-ზე.
– დასაქმების პრობლემა საქართველოში ერთ-ერთი მწვავეა, შესაბამისად, მის აღმოფხვრაში დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის ჩართულობა. მოგვიყევით, რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი დასაქმებისთვის.
– პირველი სამსახური ახალგაზრდებისთვის ყოველთვის დიდი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, თუ ის ისეთ ორგანიზაციაში იქნება, როგორიცაა საქართველოს ბანკი, რადგან ფართოა არჩევანი იმ პროფესიების, რომლებსაც ბანკი ფარავს (მოგეხსენებათ, 8000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს). სწორედ სტუდენტების დასაქმებისთვის შეიქმნა პროგრამა ლიდერატორი. ის ახალგაზრდებს, მეორე კურსიდან, შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პარალელურად, დაიწყონ მუშაობა საქართველოს ბანკში, აირჩიონ სასურველი პროგრამა, იმუშაონ სფეროს სპეციალისტებთან ერთად და დააგროვონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება. სტაჟირება გრძელდება 6 თვე და ის ანაზღაურებადია. ასევე მნიშვნელოვანია სტაჟირების პროგრამა რეგიონებში – საქართველოს ბანკმა, ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ანაზღაურებადი 6 თვიანი სტაჟირების პროგრამა შექმნა. ინიციატივაში მონაწილეობა ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებს ან 1-2 წლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. აღსანიშნავია საზაფხულო სტაჟირებაც – პროექტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტებისთვის შეიქმნა. ის მათთვის ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
– ბიზნესის განვითარებისთვის შექმნილი რა შესაძლებლობებით იწონებს თავს საქართველოს ბანკი?
– ამ მხრივ აღვნიშნავდი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ბანკის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით შეიქმნა; ქალი ლიდერების მხარდამჭერ პროგრამას, რომელიც მონაწილეებს საკუთარი ინოვაციური იდეების რეალობად ქცევის საშუალებას აძლევს; Businesscourse.ge – ეს არის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის დარგის სპეციალისტების ჩართულობით ბიზნეს სფეროს აქტუალურ თემებზე. საქართველოს ბანკი ასევე გახლავთ სხვადასხვა ფონდის მხარდამჭერი, მათ შორის ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდისა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესების, რესტორნების, კაფეების და ბარების განვითარებას უწყობს ხელს და ბიზნესების ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესების განვითარების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია business360.ge-ზე.
– იყო რომელიმე პროექტი, რომელმაც განსაკუთრებულად გადააჭარბა მოლოდინს?
– აბსოლუტურად ყველა პროექტს მოაქვს სიხარული. საოცარი ემოციებით ვივსებით იმ ბავშვებისგან, რომლებისთვისაც საზღვრისპირა სოფლებში ვხსნით იდეათეკებს. ასევე გულისამაჩუყებელია STEM სკოლის სასწავლო პროცესში (რომელიც ონლაინ რეჟიმში ხორციელდება) ჩვენი ემიგრანტების შვილების ჩართულობა.
– და ბოლოს, სტატისტიკისთვის, ყველა იმ პროექტში, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს, რამდენი პირია უკვე ჩართული?
– ნახევარ მილიონს ნამდვილად გადასცდა, პროექტების რაოდენობა კი, თავის მხრივ, 40-ზე მეტია. გარდა იმისა, რომ ცდას არ ვაკლებთ, შევინარჩუნოთ ის პროექტები, რომლებითაც მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სეგმენტს, ასევე სულ ვმუშაობთ ჩვენი საზოგადოებისთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, სიახლის შეთავაზებაზე.