2025 წლის 7 დეკემბერს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი ახობაძის აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვა განიხილეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინოლიამ მიიღო.
დაცვის მხარე სასამართლოს ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან ნებისმიერი ოდენობის გირაოს სთავაზობდა.
როგორც სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
პროკურორის თქმით, გიორგი ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში და წარსულშიც მისი მხრიდან იკვეთება ნარკოდანაშაულთან შემხებლობა. პროკურორის თქმითვე, დასტურდება გიორგი ახობაძის მხრიდან საზღვრის კვეთა და გათავისუფლების შემთხვევაში, მისი ქვეყნიდან გასვლაა მოსალოდნელი.
„ამხანაგი გობეჯიშვილი ამბობს, რომ იმდენად მორღვეულია საზღვარი, რომ… კი გაეპარათ ვიღაცები, მაგრამ მე ფიზიკურად არ შემიძლია. ჩემი სახლის კარი შეგიძლიათ გარედან ჩაკეტოთ, გასაღებიც დაიტოვოთ და ჩააბაროთ ოფიცერს“, – თქვა გიორგი ახობაძემ სასამართლო პროცესზე.
ცნობისათვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი