მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს.
„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, ტურიზმის სფეროში არის კარგი მონაცემები.
მისივე თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა ამ წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით.
„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.