LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი პატიმრის გარდაცვალებაზე: „ეს იყო პოლიტრავმა, პაციენტს ყველა აუცილებელი სამკურნალო ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ლეტალური გამოსავალი დადგა“

637
ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩხაიძე აცხადებს, პატიმარი მათ კლინიკაში პოლიტრავმებით იანვრის თვიდან იყო მოთავსებული. დირექტორის თქმით, გორგაძეს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ლეტალური გამოსავალი დადგა გუშინ, 20:00 საათზე. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო პოლიტრავმა, პაციენტს ყველა აუცილებელი სამკურნალო ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ლეტალური გამოსავალი დადგა“, – აცხადებს ჩხაიძე.

პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია. პატიმრის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით კი, გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. სწორედ ღურწკაიასგან გახდა ცნობილი, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, წუხელ გარდაიცვალა.

ადვოკატის თქმით, პატიმარი ციხიდან კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g