თბილისში მდებარე „რატის ბარში“ გუშინ გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, მოკლული 18 წლის ალეკო შაკიაშვილია.
სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა და ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. სწორედ ამ დროს დამნაშავემ ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით ჭრილობა მიაყენა.
„ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. როგორც გავიგე, გამთენიისას მოხდა ეს მკვლელობა. დღეს თითქმის მთელი დღე სამართალდამცავები მუშაობდნენ ადგილზე. ამბობენ, ჩხუბი შიგნით დაიწყოო. პოლიცია რომ მოსულა, ბიჭი ძირს ეგდო თურმე, სასწრაფომ ვერ მოუსწრო ახალგაზრდას, ის ეტყობა სისხლისგან დაიცალა.
დანით არის მოკლული, ყელი აქვს გამოჭრილიო. მე რომ მოვედი სამსახურში, ცხედარი უკვე გადასვენებული იყო. მხარი გაკრა თურმე შემთხვევით საწყალმა ბიჭმა ბარში ვიღაცას და ამას მოყვა ანგარიშსწორება. დანა რამდენჯერმე დაურტყამს“, – ამბობს იქვე ახლოს მომუშავე ერთ- ერთი ადამიანი.
„მკვლელი 36 წლის ყოფილა, როგორც პოლიცია ამბობს, წარსულში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი და უკვე გარეთ გამოსული და კიდევ მკვლელობა ჩაიდინა? ასეთი დაუნდობელი დამნაშავეები როგორ უნდა იყვნენ თავისუფლები. რა უნდოდა 18 წლის ბავშვთან? ან დაცვა არ ჰყავს ამ ბარს? ასეთი განუკითხაობა რატომ უნდა ხდებოდეს? რა ქნას ახლა მისმა ოჯახმა, სად იპოვოს სამართალი. ან 15 წელი რა არის ამისთანა შვილს რომ მოუკლავს დედას იმისთვის? დღის სინათლე არ უნდა ნახოს მკვლელმა”, – ამბობს მომხდარით აღშფოთებული კიდევ ერთი ქალბატონი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.