თურქეთში გადაყვანილი მსახიობ ოთო ქათამაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ რჩება.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქათამაძემ რეანიმობილით გრძელვადიანი მგზავრობა მშვიდობით გადაიტანა, უკვე დაწყებულია მედიკამენტოზური მკურნალობა და ორგანიზმი დადებითად რეაგირებს. კლინიკის პროგნოზით, მსახიობს ადგილზე მინიმუმ ორი თვის მკურნალობა დასჭირდება.
„მოგესალმებით ოთიას მეგობრებო და კეთილის მსურველებო,
ოთიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა – იგი სპეციალური დაკვირვებისა და განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ იმყოფება. ექიმები ყველაფერს აკეთებენ და ჩვენც დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე კარგი ამბებით დაგირუნდებით. ყოველივე ეს მხოლოდ თქვენი გვერდში დგომის დამსახურებაა – უღრმესი მადლობა ამისთვის.
ერთი უმორჩილესი თხოვნითაც მოგმართავთ: გვესმის, რომ ყველა გულშემატკივრობთ ოთიას და სიახლეები გაინტერესებთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, არ დარეკოთ კლინიკაში ინდივიდუალურად მისი მდგომარეობის გასაგებად – ეს ქმნის უხერხულობას საავადმყოფოსთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი მეგობრისთვის. გპირდებით, რომ ყველა რეალურ ახალ ინფორმაციას აქ გაგიზიარებთ.
ასევე გთხოვთ, ნუ აყვებით სხვადასხვა ჭორს –ჩვენგან დამალული არაფერია. როგორც კი ახალ ამბავს ვიგებთ აქ ვაქვეყნებთ.
იბრძვის ოთია და არ ნებდება, არც ჩვენ დავნებდებით.
ანგარიშის ნომრები:
GE18TB7915445064300021
GE13BG0000000862494700
მიმღები: დედა, ქეთევან კუპრეიშვილი;“, – ვკითხულობთ ტექსტში.