საფრანგეთში მტაცებელი არწივების რაოდენობა, რომლებიც გადაშენების საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, ბოლო 20 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა. ასეთი შედეგის მიღწევა ეკოლოგებისა და ხელისუფლების მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად გახდა შესაძლებელი. დღეს ქვეყანაში უკვე 51 წყვილი ასეთი არწივი ბუდობს, წერს research gate-ი.
მონადირე არწივი ოდესღაც საფრანგეთის სამხრეთში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მტაცებელ ფრინველად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფრინველის ბუნებრივი გარემოს შემცირებამ კატასტროფულად შეამცირა პოპულაციაც და XXI საუკუნის დასაწყისისთვის მხოლოდ 20 წყვილი იყო დარჩენილი.
ფრინველებს საფრთხეს რამდენიმე ფაქტორი უქმნის: ნადირობა, ადამიანის მიერ ბუნებრივი ჰაბიტატის განადგურება, ვერტმფრენების ფრენა, კვადროციკლებით გადაადგილება და ალპინისტური საქმიანობა ბუდეების მახლობლად, განსაკუთრებით, გამრავლების სეზონზე. თუმცა მთავარი მიზეზი დენის დარტყმა აღმოჩნდა, რადგან არწივები ხშირად ბუდედ მაღალი ძაბვის ბოძებს ირჩევენ.
ბოლო წლებში ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული რეფორმები გატარდა და შედეგიც სახეზეა.