მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა დღეს ერთსა და იმავე გამოწვევას აწყდება – მოსახლეობის დაბერებას. ხანდაზმულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და მათგან ბევრს სჭირდება კვალიფიციური მოვლა. ამ მიზეზით ბევრი მოხუცი ხვდება სპეციალურ მოხუცთა სახლებში, სადაც უკვე მედპერსონალის დეფიციტია. ამის შესახებ გამოცემა Mesec-ი წერს.
ჩეხეთმა ამ პრობლემის გადაჭრის საინტერესო გზა მოიფიქრა:
თუკი ხანდაზმულ ნათესავზე მისი ოჯახი ზრუნავს, ამ ოჯახს სახელმწიფო ფიქსირებულ ხელფასს გადაუხდის. მსგავსი პრინციპით იღებენ ანაზღაურებას ოჯახები ბავშვზე აღებული მეურვეობისთვისაც.
გარდა ამისა, შეიქმნება ამბულატორიული მომსახურების სისტემა, რომელიც სპეციალისტების გასვლით მომსახურებას უზრუნველყოფს იმ ხანდაზმულთათვის, რომელთაც გადაადგილება უჭირთ.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდის გამო, ვისაც მუდმივი მოვლა სჭირდება, ჩეხეთის ხარჯები ამ მიმართულებით გაორმაგდა.
თუმცა, სამწუხაროდ, ფიზიკური მოვლა ხანდაზმულთა ერთადერთი პრობლემა არ არის – ასაკთან ერთად ისინი ხშირად კარგავენ სოციალურ კავშირებს და მარტოობის განცდით იტანჯებიან.