გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, კახა კაკაბაძე, ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან განიხილავს პლასტმასის ნარჩენების დაბინძურების შემცირების და ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკის საკითხებს. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმა სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით შევიმუშაოთ. რეგულაციებმა უნდა დააბალანსოს საკითხის გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკური მიმართულებები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე, სტუმარმასპინძლობის სექტორს შეეზღუდებათ სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვა. ინიციატივა მიზნად ისახავს პლასტიკის მოხმარების შემცირებასა და ალტერნატივების წახალისებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეფექტიანი მექანიზმის შემუშავების მიზნით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში დიალოგი გაგრძელდება.
