LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაც მართლა გეტყვის დაჯექი სახლში, რაღას გამოდიხარ გარეთო… ეტლით მოსარგებლეთა პრობლემები

107
captured-2019-12-03_08-34-46_561031

თბილისში ეტლით მოსარგებლეებისთვის კომფორტული ტრანსპორტი არ არსებობს. ახალი ავტობუსებიც კი, რომლებიც მერიამ ჩამოიყვანა, მათ მოთხოვნებს სრულად არ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ის ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
კიდევ უფრო დიდი პრობლემაა მეტროთი გადაადგილება.

წლები წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ურბანული ლაბორატორია“ მერიის სატრანსპორტო სამსახურში პროექტი შეიტანა, რომელიც მეტროსადგურებში ეტლით მოსარგებლეებისთვის, პლატფორმების დამონტაჟებას გულისხმობს.
როდესაც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია განხორციელდა, მაშინ გაითვალისწინეს შშმ პირების გადაადგილების საკითხიც.

ისედაც, წესითა და რიგით, ყველა ახალი მშენებლობა, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო თუ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მოთხოვნების გათვალისწინებით იგეგმება. ასევე ადაპტირებულია რეაბილიტირებული პარკები და მთელი რიგი ტურისტული ატრაქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ცნობისათვის, 2020 წელს, საქართველოს მთავრობის #732 დადგენილებით, მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები დამტკიცდა, რაც ნიშნავს, რომ ვერცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გათვალისწინების გარეშე.

მეტიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმებიც კი მოქმედებს.

როგორ მუშაობს ე.წ. პლატფორმა და არის თუ არა სხვა ალტერნატივა?

როგორც „ფორტუნასთან“ თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ განაცხადა, გადაწყდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ ან ორ პლატფორმას სატესტო რეჟიმში დაამონტაჟებს თბილისის რამდენიმე მეტროში (მოაზრება რუსთაველი, თავისუფლება და მარჯანიშვილი).
თუ პროექტი წარმატებული იქნება, მერიის სატრანსპორტო სამსახურში შესაძლოა, მისი საქართველოში დაპატენტების გადაწყვეტილებაც მიიღონ.

პლატფორმები ერთგვარი მოწყობილობაა, რომელიც ექსკალატორისგან დამოუკიდებელია.
„პლატფორმაზე ეტლით დგება ადამიანი, ღვედების საშუალებით მაგრდება და დამხმარე პერსონალს მიჰყავს ექსკალატორამდე. როდესაც ექსკალატორი 30 გრადუსიან დახრილობას იღებს, პლატფორმა ექსკალატორზე სპეციალური ფეხებით ეყრდნობა… ეტლი ამ დროს ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც სწორ ზედაპირზე, ასეთ მდგომარეობაში ჩაჰყავს პლატფორმას ბოლომდე, ექსკალატორიდან კი ეტლით მოსარგებლე დამხმარე პერსონალს გადაჰყავს ბაქანზე“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ სოფრომაძემ.

მისი თქმით, ყველაზე ოპტიმალური საშუალება თბილისის მეტროსადგურებში, სწორედ ეს პლატფორმაა, რადგან მეტროს აშენების დროს, ადაპტირებისთვის არაფერი გაუთვალისწინებიათ.

ლიფტი მეტროსადგურ “გოცირიძეზე”

რას ფიქრობენ ეტლით მოსარგებლეები?

ეტლით მოსარგებლე ანა გოგუაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული, მეტროსადგურებში ლიფტების მოწყობა იქნებოდა.
„მერიაში გვითხრეს, რომ მეტროსადგურებში ლიფტებს ვერ აკეთებენ, სხვა დანარჩენი კი აბსურდია. თუ ჩვენ დამოუკიდებლობას უწყობენ ხელს, მაშინ დამხმარე რატომ უნდა იყოს საჭირო”, – განაცხადა ანა გოგუაძემ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, „ახალი ველოსიპედების“ გამოგონებას, ჯობს ქალაქში უკვე არსებული და რეალური ვარიანტები მოწესრიგდეს.

„ჯობია ის ავტობუსები მოაწესრიგონ, რომლებიც ყველა ქუჩაზე არ დადის, და რომელსაც გაჩერებები არ აქვს მოწყობილი. ახალი ავტობუსებიც კი არაკომფორტულია ჩვენთვის. პანდუსები ავტომატურად არ გადმოდის.
წარმოიდგინეთ ზამთარში, როცა ყინვაა, მძღოლი უნდა გადმოვიდეს, გადმოწიოს პანდუსი, დაგელოდოს როდის ახვალ, ამის გამო შეფერხდეს მოძრაობა… ეს მგონი ნორმალური არ არის. ვიღაც მართლა გეტყვის დაჯექი სახლში, რაღას გამოდიხარ გარეთო…“, – აღნიშნა ანა გოგუაძემ „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, გარდა ამ ყველაფრისა პლატფორმას, რომლის დატესტვაც იგეგმება, შეზღუდვები აქვს წონასთან დაკავშირებითაც. ის გათვლილია 200 კილოგრამზე.
„მხოლოდ ახალი ეტლები ცალკე, ზოგჯერ 100 კილოგრამზე მეტსაც იწონის, (აკუმულატორი რომელსაც აქვს) სასწორით ხომ არ დადგება იქ ვინმე და აწონის ყველას?“, – აღნიშნა მან.

თუმცა სანამ ტრანსპორტის ადაპტირებას მოვახდენთ, მანამდე სასურველია, ამ ტრანსპორტამდე მისასვლელი ქუჩებიც მოწესრიგდეს, რადგან ტროტუარზე დაპარკინგებულ მანქანებს შორის, იქ სადაც ფეხით მოსიარულე გაძვრება, ეტლით მოსარგებლე ვარ გაივლის…

„ფორტუნა“ ესაუბრა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს:

„ეტლით მოსარგებლეთათვის ქუჩაში გადაადგილება სერიოზული გამოწვევაა. თუმცა ამას ყველა უბანზეც ვერ ვიტყვით, გააჩნია სად. მაგალითად, ახალრეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე არის კარგი ინფრასტრუქტურა, მათ შორის შშმ პირებისთვის. შესაძლოა მძღოლებისთვის მაინც და მაინც სახარბიელო ვერ იყოს, მაგრამ ეს კარგი მოდელია ქვეითებისთვის.

იმის გამო, რომ სხვა ქალაქებში, რეგიონებში არ არის უხვად მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე დედაქალაქში, სადაც ძველი გაკეთებულია გზები, უგულებელყოფილია ეტლით მოსარგებლეები. მიწისქვეშა გადასასვლელებიც ამის დემონსტრირებაა, რითაც უბრალოდ ვერ ისარგებლებენ. პრობლემები და გამოწვევა არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გზები, რომლებიც ახლა კეთდება, ამ კატეგორიის მოსარგებლეთათვისაც არის გათვალისწინებული“.

საგზაო გარემოს გაუმჯობესება შშმ პირებისთვის – გზამკვლევი

რაც შეეხება უცხო ქვეყნების გამოცდილებას:
თითქმის ყველა ევროპულ და დიდ ქალაქში, ეტლით მოსარგებლეებისთვის, მეტროში ჩასასვლელად სპეციალური ლიფტებია მოწყობილი.
ან დამონტაჟებულია ეტლით მოსარგებლეებზე მორგებული ექსკალატორები.
ამ ლიფტებით (და ექსკალატორებით) მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებიც სარგებლობენ, რომელთაც ჩვილები ეტლებში ჰყავთ.
მათთვის ასევე, ადაპტირებულია ავტობუსებიც… და რაც მთავარია ქუჩებიც…

ევროკავშირში 101 მილიონ ზრდასრულ ადამიანს ამ თუ იმ ტიპის დარღვევა აქვს. ეს ევროპის მოსახლეობის მეოთხედზე მეტია.
შშმ პირების მხოლოდ ნახევარია დასაქმებული (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით შშმ პირები მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეადგენენ).

მართალია, შშმ პირების ყოფითი პირობების გაუმჯობესების პოლიტიკა ძირითადად ეროვნული მთავრობის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ევროკავშირიც მუშაობს ამ მიმართულებით. ევროკავშირის რამდენიმე დირექტივა და რეგულაცია მიზნად ისახავს, რომ შექმნას შშმ პირების ტრანსპორტით სარგებლობის, დასაქმების, ასევე პროდუქტებსა და მომსახურებაზე, განსაკუთრებით ციფრულ მომსახურებაზე – წვდომის გარანტია.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.

იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება.

ფოტო: heretifm
newsgeorgia
bccrns

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g