„ყველას, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატებსაც მოვუწოდებ, რომ როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ ამ საკითხს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებაა“.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპელ პარტნიორებს სხვა გზა აღარ დაუტოვოს გარდა იმისა, რომ მათ რაღაც უკიდურეს ზომებზე დაიწყონ ფიქრი.
„ნებისმიერი შეხვედრა და პლატფორმა ჩვენ, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის და მომავლის გადასარჩენად. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამ თემაში მანიპულაციები და სპეციალურად დასანქცირებული ადამიანის შეყვანა, რომ ევროკავშირი იძულებული გახდეს უარი თქვას შეხვედრაზე და შემდეგ ამაზე პროპაგანდის აგება, როგორი ცუდია ევროკავშირი და როგორ გვიუქმებს შეხვედრებს – დაუშვებელია და ევროპულ მომავალთან ბინძური თამაშია. ჩვენ აქ საქმე უნდა ვაკეთოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ თუ ის ვიკვლიოთ, „ოცნებამ“ როგორ მიმართა ხრიკებს და მერე ეს თავად დააბრალა ევროკავშირს. ეს ვარჩიოთ ახლა, როცა საქმე საქართველოს ევროპულ-დემოკრატიულ მომავალს ეხება? ამიტომ, ყველას, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატებსაც მოვუწოდებ, რომ როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ ამ საკითხს. „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია. ის ყველაფერს იყენებს დემაგოგიისთვის და პროპაგანდისთვის – რასაც თავად აფუჭებს, სხვას აბრალებს. ქვეყნის შიგნით მას ეს პრაქტიკა წლებია აპრობირებული აქვს, ახლა უკვე გადასულია ევროპის, საერთაშორისო მასშტაბით და იქ ეძებს დამნაშავეებს, თითქოს, დამნაშავეები საკუთარ გუნდში არ ჰყავდეთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმებისამებრ 2025 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში იყო დაგეგმილი, ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო.
