ელენე ფოჩხუა 23 ნოემბერს იუბილარი იყო. განსაკუთრებულად ეს დღე არ აღუნიშნავს, მაგრამ ნათესავები და მეგობრები მაინც ესტუმრნენ, შემდეგ კი რესტორანში წავიდა, სადაც მუშაობს და საკუთარი თავიც გაახალისა და დამსწრე საზოგადოებაც.
ელენესთვის დაბადების დღის მთავარი ოცნება ერთია – ჰქონდეს საკუთარი ბინა, სადაც ყველა საყვარელ ადამიანს უმასპინძლებს..
როგორ შეხვდი კიდევ ერთი წლის მატებას?
მშვენივრად… (იღიმის).
ასაკის მატებას როგორ ხვდები?
სულ მიხარია ჩემი დაბადების დღე. რატომ უნდა მწყინდეს? დავიბადე… ეს ყველაფერი ბედნიერებაა. ღმერთს მადლობა. მიხარია ჩემი ყველა დაბადების დღე. წლები გვემატება, მაგრამ გული არ ბერდება. არაფერი შეცვლილა, მინდა გითხრათ…

დაბადების დღე გადაიხადე?
არა… სახლში, როგორც ყოველთვის მოდიან ჩემი და, ჩემები, დაქალები. ამირიეს-დამირიეს სახლი, ისევ დამიწკრიალეს და წავიდნენ. მერე წავედი სამსახურში, სადაც ვმღერი ყოველ საღამოს. იქ მოვუწყვე ჩემს თავს დღესასწაული და სხვებიც გავამხიარულე. როცა ვაპირებ გადახდას, შემიძლია ვითხოვო ერთი დღით გათავისუფლება, მაგრამ გუშინ ასე გადავწყვიტე, რომ სამსახურში წავსულიყავი. იქაც ჩემი მეგობრები დამხვდნენ. იყო ტორტის ჩაქრობა. ძალიან კარგი დაბადების დღე მქონდა სახლშიც და სამსახურშიც…
რაიმე გამორჩეული ხომ არ გისახსოვრეს ამ დღეს?
ნებისმიერი საჩუქარი ყოველთვის მიხარია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძვირად ღირებულია. რატომღაც ამას არ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია, ჩემს მეგობრებს გავახსენდე, დამირეკონ და ელემენტარული თბილი სიტყვები მივიღო. რაც წელს საჩუქრად მივიღე, ყველაფერი გამიხარდა. ჩემმა მეგობრებმა იციან, ვის რა გაუხარდება და უყვარს და ამის მიხედვით ვყიდულობთ ხოლმე ერთმანეთს საჩუქრებს…

შვილებმა როგორ მოგილოცეს?
შვილები წელს სამსახურში ვერ მოვიდნენ, უფროსი გოგო არ გრძნობდა თავს კარგად, თორემ ყოველ წელს, ჩემს დაქალებს უკავშირდებიან და სამსახურში 12 საათზე ტორტით მადგებიან ხოლმე. წელს სახლში დამხვდნენ და მომილოცეს. „დე, მიყვარხარ“, ასე მეუბნებიან და ეს დიდი ბედნიერებაა. „მე უფროო“, პატარა მპასუხობს და მერე კიდევ აღარ უნდა უპასუხო, მან უნდა თქვას ბოლო სიტყვა… (იღიმის).
ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე როდის გახსოვს?
ხომ არის, როცა ადამიანებს აქვთ ცხოვრებაში რთული პერიოდები, გინდა ფინანსური და გინდა სხვა მხრივ. თუ შენ, ადამიანი, შენს თავს არ შეუქმნი დღესასწაულს, სხვამ შეიძლება ისე ვერ შეგიქმნას. შენ უნდა გიხაროდეს პირველ რიგში. როგორც ზევით აღვნიშნე, ყოველ წელს მიხარია ჩემი დაბადების დღე, ამიტომ განსაკუთრებულად ვერ გამოვარჩევ.

საოცნებო დაბადების დღე თუ გაქვს?
საოცნებო მაქვს, რომ მქონდეს ჩემი საკუთარი ბინა, სადაც ყველა ჩემს მეგობარს დავპატიჟებდი და იქ აღვნიშნავდი.
არ გაქვს შენი სახლი?
არ მაქვს და ეს არის ჩემი დიდი ოცნება, ყველა ჩემმა მეგობარმა იცის. ძალიან ვინატრებდი ამას. ჩემი გემოვნებით მოწყობილ სახლში რომ ვცხოვრობდე, ამას ვნატრობ. ძალიან მიყვარს, როცა ჩემთან მოდიან სტუმრად, მაგალითად, ახალ წელს, პირველ იანვარს სულ ვისვენებ და ყოველთვის ვმასპინძლობ ჩემს საყვარელ ადამიანებს. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა ეს ადამიანი მივიღო ჩემს სახლში. ახლა ვცხოვრობთ სახლში, რომელიც ჩვენი არ არის. მეტი დეტალის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მოგეხსენებათ, ბინის შეძენა მარტივი არ არის. თუ ვიყიდი, მინდა რომ ისეთი ვიყიდო, ჩემს შვილებსაც რომ კომფორტი შევუქმნა და ჩემს თავსაც.. ვფიქრობ, ეს სურვილი აუცილებლად ასრულდება. ამისთვის სულ ვშრომობ და სამსახურში ვარ, ვმღერი, ბავშვებთან სტუდიაშიც ვმუშაობ და კიდევ შემიძლია ვიმუშაო… ოცნება ისედაც ბევრი მაქვს, მაგალითად, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი სხვადასხვა ქვეყანაში ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში, ჩემი ოცნება საკუთარ ბინაში დაბადების დღის აღნიშვნაა…
