LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ნიკოს ბენდი“ სომხეთში „წლის სიმღერაზე“ დააჯილდოვეს – მანუ მურღულია: „8000-კაციან დარბაზში ვიმღერეთ…“

528
2c391dff-7455-4e21-b33c-3489d64d4165

ახლახან „ნიკოს ბენდი“ მანუ მურღულიას, ნიკო ნანიტაშვილისა და ამიკო ჩოხარაძის შემადგენლობით სომხეთს ეწვია, სადაც „წლის სიმღერა 2025“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა მათი პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ღონისძიება ერევნის სპორტის სასახლეში ჩატარდა, რომელიც 8000 კაცს იტევს. ყველა ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული, ვინაიდან სომხეთის შოუბიზნესში ზემოხსენებული ღონისძიება ყველაზე პრესტიჟულია, სადაც თავს ყველაზე ცნობილი სომეხი ვარსკვლავები იყრიან.

„ნიკოს ბენდმა“ აუდიტორიას დიდი სიურპრიზი გაუკეთა და „ქართულ დისკოთან“ ერთად ცნობილი სომხური სიმღერაც შეასრულა.

„ნიკოს ბენდის“ სოლისტი, მანუ მურღულია გვესაუბრა სომხეთში მიღებული დიდი შთაბეჭდილებების შესახებ:

„ღონისძიებაზე გამოდიოდნენ სომეხი ვარსკვლავები, რომელთაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ. „ნიკოს ბენდი“ კი იყო ერთადერთი უცხოური ჯგუფი, რომელიც „წლის სიმღერაზე“ მიიწვიეს. ჩვენ სპეციალური სტუმრები ვიყავით და ასევე დაგვაჯილდოვეს. ძალიან გაუხარდათ, როცა „ქართულ დისკოსთან“ ერთად ერთ-ერთი ცნობილი სომხური სიმღერაც შევასრულეთ და დიდი აპლოდისმენტები დავიმსახურეთ…

ძალიან გვახარებს ის, რომ „ნიკოს ბენდმა“ შეძლო ასეთი დიდი ყურადღების მიპყრობა საზღვრებს გარეთაც. უდიდესი სიყვარული ვსარგებლობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ჩვენც ყოველთვის დიდი სიხარულით ჩავდივართ, თუმცა სომხეთში ახლანდელი სტუმრობა მაინც განსაკუთრებული გამოდგა – როცა სხვა ქვეყნის ჯგუფს „წლის სიმღერის“ ღონისძიებაზე იწვევენ და აჯილდოვებენ, ეს, ალბათ, კიდევ გამორჩეული პრივილეგიაა.

ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის მიღწევაც, რომელიც „ქართულ დისკოს“ აქვს მისი შექმნის დღიდან – მალე მისი ნახვები „იუთუბზე“ 100 მილიონს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ „წლის სიმღერის“ ცერემონია სომხური ტელევიზიის ეთერში 31 დეკემბერს გავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g