LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წინასწარმეტყველების” ბაზრის ბრუნვამ 31 მილიარდ ევროს გადააჭარბა

135
1366x768_cmsv2_68616402-fd69-5f1e-877a-342bfd00339b-9588384

2025 წელს წინასწარმეტყველების ბაზრები სპეკულაციების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა – როგორც ფინანსურ სფეროში, ისე მედიაში. 2026 Digital Assets Outlook Report-ის მონაცემებით, ამ სექტორის ორმა უმსხვილესმა მოთამაშემ – Polymarket-მა და Kalshi-მ, ჯამურად 37 მილიარდ დოლარზე მეტი (დაახლოებით 31,5 მილიარდი ევრო) მოიზიდეს.

პროგნოზების ბაზრები ფინანსური ბირჟების პრინციპით მუშაობენ. მომხმარებლები აკეთებენ ფსონებს „დიახ“ ან „არა“ მომავალი მოვლენების შედეგებზე – იქნება ეს არჩევნების შედეგები, კომპანიების ფინანსური ანგარიშები თუ სპორტული შეჯიბრებები.

ამ ტიპის კონტრაქტის მიხედვით, თუ მოვლენა მოხდა, ანაზღაურდება 1 დოლარი, ხოლო თუ არა – არაფერი. შესაბამისად, თუ კონტრაქტის ფასი 50 ცენტია, ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური აზრი მოვლენას 50%-იან ალბათობას ანიჭებს.

პროგნოზები რეალურ დროში ახლდება, რის გამოც გავრცელებულია მოსაზრება, რომ ასეთი ბაზრები საზოგადოებრივ განწყობებს ხშირად უკეთ ასახავს, ვიდრე ტრადიციული სოციოლოგიური გამოკითხვები.

„ჩვენს კლიენტებს ეს ინფორმაცია სჭირდებათ“


ამ ბირჟებზე მოძრავმა უზარმაზარმა კაპიტალმა სერიოზული ინვესტორების ყურადღებაც მიიპყრო. დეკემბერში Kalshi 11 მილიარდ დოლარად შეფასდა. ოქტომბერში კი Intercontinental Exchange-მა (ICE), ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მფლობელმა კომპანიამ, Polymarket 8 მილიარდ დოლარად შეაფასა, მასში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მისი მონაცემების დისტრიბუტორი გახდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბირჟის, CME Group-ის ხელმძღვანელმა ტერენს დაფიმ პროგნოზების ბაზრები „სპეკულაციისა და ინფორმაციის შეგროვების ლეგიტიმურ სფეროდ“ მოიხსენია, რომელიც „კლიენტებისთვის აუცილებელია“.

ამ სისტემების ეფექტიანობა აშკარად გამოჩნდა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების და გერმანიის 2025 წლის ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში. პლატფორმები რეალურ დროში მუშაობდნენ, პროგნოზები კი სანდოობით თითქმის არ ჩამოუვარდებოდა ტრადიციულ გამოკითხვებს.

ამან მსხვილი მედიასაშუალებების ინტერესიც გამოიწვია. დეკემბრის დასაწყისში ამერიკულმა CNN-მა პირველმა გააფორმა პარტნიორობა Kalshi-სთან, ხოლო რამდენიმე დღეში ანალოგიური ნაბიჯი CNBC-მაც გადადგა. დღეს მედია პროგნოზების ბაზრების მონაცემებს ანალიტიკურ მასალებში ისეთივე წონას ანიჭებს, როგორც კლასიკურ სოციოლოგიურ კვლევებს.

რისკები, მანიპულაციები და ფალსიფიკაცია

სადაც დიდი ფულია, იქ მანიპულაციაც ჩნდება. ამ ეტაპზე პლატფორმებზე ფსონების დადება ანონიმურადაა შესაძლებელი, რაც ართულებს ინსაიდერებისა და მანიპულატორების გამოვლენას.

დეკემბრის დასაწყისში Polymarket-ის ერთ-ერთმა ტრეიდერმა 23 შესაძლო ფსონიდან 22 მოიგო – იმაზე, თუ რომელი საძიებო კითხვები გახდებოდა 2025 წელს „გუგლში“ ყველაზე პოპულარული. მან ერთ დღეში მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ ის თავად Google-ის თანამშრომელი იყო და შიდა მონაცემებზე ჰქონდა წვდომა.

ოქტომბრის ბოლოს კი კრიპტოვალუტების ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა საჯაროდ აჩვენა მსგავსი ბაზრების სისუსტეები: მომხმარებლები ათასობით დოლარს დებდნენ იმაზე, ახსენებდა თუ არა ის თავის გამოსვლაში გარკვეულ სიტყვებს. არმსტრონგმა შეგნებულად შეაჩერა საუბარი და ყველა ეს სიტყვა ზედიზედ ჩამოთვალა. შედეგად, რამდენიმე წამში მათი ხსენების ალბათობა პლატფორმებზე 15%-დან 100%-მდე გაიზარდა.

ევროპელები წინააღმდეგნი არიან – მაგრამ ყველა არა


ევროკავშირში ამჟამად არც პროგნოზების ბაზრები არსებობს და არც ისეთი პლატფორმები მუშაობს ლეგალურად, რომლებიც ევროპაშია შექმნილი. მეტიც, რიგმა ქვეყნებმა მათ წინააღმდეგ ბრძოლაც დაიწყეს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ასეთი პლატფორმები არალიცენზირებულ აზარტულ თამაშებად მიიჩნია და Polymarket ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს დაბლოკა. იგივე გზა აირჩიეს ბელგიამ, იტალიამ და პოლონეთმაც.

რუმინეთში მას შემდეგ, რაც 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონების მოცულობამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, პლატფორმა ასევე „შავ სიაში“ მოხვდა.

ამავდროულად, გერმანიასა და ესპანეთში პროგნოზების ბაზრები ჯერ კიდევ თავისუფლად ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g