ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს.
ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა.
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.
მონეტის „ხელბურთი 2026“ დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინერი გ. ჟღენტი). დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.
მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.
მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა – ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს არაუმეტეს 1 ცალი მონეტის შეძენა შეეძლება.
მონეტების რეალიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
