ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც მუშაობის სურვილი წიგნის კითხვის მოყვარულ არაერთ ბავშვს ერთხელ მაინც გასჩენია. ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც დიდიც და პატარაც თვალსაწიერს არა მხოლოდ წიგნების მეშვეობით იფართოებს, არამედ იმ ადამიანების დახმარებითაც, რომლებიც წიგნების მცველებიც არიან და წიგნების სამყაროში ყველაზე საიმედო გზამკვლევებიც. ისეც ხდება, რომ ეს დამკვალიანებლები, ბიბლიოთეკარები რომ ჰქვიათ, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე და სასიამოვნოდ გაოცებენ სხვადასხვა ფორმად გარდაქმნილი საკუთარი ნააზრევითა და განცდილით. ამის დასტურია საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ცოტა ხნის წინ გამართული გამოფენა, სადაც თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ბიბლიოთეკარისა და თვითნასწავლი მხატვრის, ნათია ქემოკლიძის მიერ უნიკალური ტექნიკით – ბისერით შექმნილი ფერწერული ტილოები იყო წარმოდგენილი.
ნათია ქემოკლიძე, შოთა ნიშნიანიძის სახელობის 33-ე ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი:
– ბიბლიოთეკისა და ზოგადად, წიგნების მიმართ ჩემი ინტერესი ოჯახიდან იწყება. წიგნიერი და განათლებული ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე, დედა საერთოდაც პედაგოგი მყავდა. მეტიც, ბაბუის მამამ, პავლე მგელაძემ ვანის რაიონში პირველი ოთხწლიანი სათავადაზნაურო სკოლა დააარსა. შემდეგ სკოლაში გვყავდა არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკარი, ქალბატონი ვენერა ძაგნიძე, რომელმაც პირველივე კლასიდან გაგვიმძაფრა ინტერესი წიგნების მიმართ. კითხვა შემიყვარდა ისე, რომ წიგნი გაკვეთილების დროს მერხის ქვეშ მედო და სულ თვალს ვაპარებდი.

როცა წამოვიზარდე, ჯერ პედაგოგობა, შემდეგ კი ჟურნალისტობა მინდოდა. მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზით, ვერაფრით ჩავირიცხე უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე და ბოლოს ბიბლიოთეკათმცდონეობით დავინტერესდი. ამ მიმართულებაზე მაღალი ქულებით მოვხვდი, ოღონდ საღამოს ფაკულტეტზე, რამაც მომცა საშუალება დღისით ბიბლიოთეკაში მემუშავა. ვსწავლობდი კარგად, არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა, მათ შორის ნიკო ლორთქიფანიძე იყო ის, რომელმაც ახალგაზრდები უკანმოუხედავად შეგვიტყუა ბიბლიოთეკის ლაბირინთში.
თავდაპირველად მუშაობა რესპუბლიკურ ტექნიკურ ბიბლიოთეკაში დავიწყე და 21 წელი დავყავი იქ. შემდეგ საბავშვო ბიბლიოთეკების გაერთიანებაში ავლაბრის, მაშინდელი N1 ბიბლიოთეკის გამგედ გადავინაცვლე. სისტემის დაშლის შემდეგ კი, ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკას შევუერთდით და დღემდე მისი ნაწილი ვარ.
– ვინ არის ბიბლიოთეკარი, რომელიც საბიბლიოთეკო სივრცის ერთგვარ პერსონაჟადაც კი შეგვიძლია აღვიქვათ?
– ბიბლიოთეკარი არის დამკვალიანებელი. ბავშვი, მოზარდი, სტუდენტი პირველად როცა შემოდის ჩვენთან და გაუთვითცნობიერებელია, მისი ინტერესთა სფერო უნდა გამოიკვლიო, გაიგო, რა აქვს წაკითხული, რა არ აქვს წაკითხული. უნდა მიაწოდო ასაკის შესაფერისი ლიტერატურა და ეცადო, გააფართოო მისი თვალსაწიერი. პატარები, ძირითადად, ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული გამოცემებით უნდა შეიტყუო წიგნების სამყაროში. ამ ყველაფერს წარმატებით რომ გაართვას თავი, ბიბლიოთეკარი უნდა იყოს თბილი და სხვების მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი.
– პირადად თქვენ რომელი წიგნები შეგაყვარათ განსაკუთრებულად ბიბლიოთეკამ?
– წიგნების სამყარო ძალიან დიდია. ბიბლიოთეკაშიც ისეთ ავტორებს გადააწყდები, რომელთა ნააზრევიც შემდეგ შენს სამაგიდო წიგნად იქცევა. ასეთებია ჩემთვის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“, დიმიტრი უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგია“.

– თქვენს გატაცებაზეც ვისაუბროთ, რომელიც დროთა განმავლობაში უკვე მეორე ძირითად საქმიანობად გექცათ. როგორ გაჩნდა საკუთარი ნაფიქრისა და განცდილის სხვადასხვა ტექნიკით გამოხატვის სურვილი?
– ვხატავდი ბავშვობიდან, თუმცა რაღაც ეტაპზე შევწყვიტე. შემდეგ უკვე თბილისის ომის დროს, როცა არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, გული რისთვის გადამეყოლებინა, ხატვის სურვილი დამიბრუნდა. იმის გამო, რომ იმ ეტაპზე არ მქონდა არანაირი სახატავი საშუალება, გუდრონი გავხსენი ნავთში, გამოვიყენე ბიბლიოთეკიდან ჩამოწერილი წიგნების ყდები და ასე დაიბადა ჩემი იმდროინდელი ნამუშევრები. მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. და აი, ერთ დღესაც, როცა პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის ბისერით შემკობილი ხატები ვნახე, გავოგნდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ, ცოდვა გამხელილი სჯობს, მისთვის უნდა გამეკეთებინა საღამო, მაგრამ ვერ მოვახერხე და გამებუტა. დამრჩა მანამდე მისთვის ნაყიდი ბისერები და რადგანაც ვეღარ გადავეცი, გადავწყვიტე, ისინი თავად გამომეყენებინა. ჯერ სვიტრზე ამოვიქარგე ნახატი, შემდეგ იმერული ოდა ამოვქარგე ტილოზე და ისე გამიტაცა ამ ტექნიკამ, რომ 2009 წლიდან ინტენსიურად დავიწყე ბისერით მუშაობა. საკუთარი ნამუშევრები არაერთხელ გამოვფინე კიდეც.
– რაზე ფიქრები და ემოციები ცოცხლდება თქვენს ტილოებზე?
– ზოგჯერ სპონტანურად ვიწყებ რაღაცის კეთებას, ზოგჯერ კი ჩავიფიქრებ ხოლმე კონკრეტულ თემას. მაგალითად, სვანური ეპოსი დალის შესახებ ჩავიფიქრე და ოთხ დღეში მოვქარგე, მაშინ, როცა დიდ ტილოებს თვეებს ვანდომებ ხოლმე. ვამბობ, რომ დალიმ თავისი თავი თვითონ მოქარგა. ეს ნამუშევარი მისტიკური გამოვიდა, რაც პროფესიონალმა მხატვრებმაც აღნიშნეს – თითქოს დღისით ნორჩი გოგონას შთაბეჭდილებას გიტოვებს, ღამით – სრულყოფილი ქალის, თუ გიხარია – ისიც გიღიმის, ცუდ ხასიათზე ხარ და – ისიც მოწყენილია.

– განსაკუთრებული შეფასება, რომელიც თქვენს ნამუშევრებთან მიმართებით მიგიღიათ.
– მაგალითად, ბატონმა გიორგი ფანასკერტელ-ციციშვილმა ბრძანა ჩემი ნამუშევრების შემხედვარემ, რომ არის კი საჭირო სამხატვრო აკადემიაო… ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო.
– რომელ სფეროში მიიჩნევთ თავს უფრო რეალიზებულად, საბიბლიოთეკოში თუ ხელოვნების?
– ორივეგან. საოცრად მიყვარს საბიბლიოთეკო საქმეც, სხვაგვარად ამდენი, 50-ზე მეტი წელი ბიბლიოთეკაში ვერ გავჩერდებოდი და მხატვრობაც, რომელიც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.