Forbes-ის შეფასებით, SpaceX-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის xAI-ის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულმა გარიგებამ, ილონ მასკის ქონება ერთ დღეში 84 მილიარდი დოლარით გაზარდა, რის შედეგადაც ის გახდა პირველი ადამიანი ისტორიაში, რომლის ქონება $800 მილიარდს აჭარბებს.
გარიგების ფარგლებში გაერთიანებული კომპანია დაახლოებით $1.25 ტრილიონად არის შეფასებული, რაც მას გლობალური ტექნოლოგიური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კერძო სტრუქტურად აქცევს. გარიგებამდე მასკს SpaceX-ში 42%-იანი წილი ეკუთვნოდა, რომლის ღირებულება $336 მილიარდს შეადგენდა. 2025 წლის დეკემბერში გამოტანილი სატენდერო შეთავაზების მიხედვით, SpaceX მაშინ $800 მილიარდად იყო შეფასებული.

ამასთან, მასკს xAI-ში 49%-იანი წილი ჰქონდა, რომლის ღირებულება $122 მილიარდს აღწევდა. მიმდინარე თვის დასაწყისში xAI-ის ღირებულება $250 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტორების მაღალი ინტერესის კიდევ ერთი დასტურია.
Forbes-ის მონაცემებით, შერწყმის შემდეგ, რომლის პირობებითაც SpaceX დაახლოებით $1 ტრილიონად, ხოლო xAI $250 მილიარდად შეფასდა – ილონ მასკი გაერთიანებული კომპანიის 43%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულება $542 მილიარდს უტოლდება. ეს აქტივი ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ყველაზე ძვირადღირებულ საკუთრებას.

გარდა ამისა, მასკს ეკუთვნის Tesla-ში 12%-იანი წილი, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $178 მილიარდს შეადგენს, ასევე Tesla-ს აქციების ოფციონები, რომლებიც $124 მილიარდად ფასდება.
Forbes-ის საბოლოო შეფასებით, მოცემული დროისთვის ილონ მასკის ქონება $852 მილიარდ დოლარს აღწევს. ამ მაჩვენებლით ის მილიარდერთა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯს $578 მილიარდით უსწრებს, პეიჯის ქონება დაახლოებით $281 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, SpaceX-ისა და xAI-ის შერწყმა არა მხოლოდ მასკის პირადი ქონების ზრდის ფაქტორია, არამედ სიგნალია იმისა, რომ კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაცია შესაძლოა უახლოეს წლებში გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცეს.
