ათ წელზე მეტია, რაც ინტერნეტში ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე, დოლომიტების მთებით გარშემორტყმული ერთი პატარა სოფლის, სანტა მადალენას ეკლესიის ფოტოები ვრცელდება, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ტურისტებს განსაკუთრებულად გასულ ზაფხულს ვერ აუდიოდნენ.
ჭარბი ტურიზმის თავიდან ასაცილებლად და სოფელზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისდან, სოფელში, სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეკლესია მდებარეობს, გადაადგილების უფლება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და იმ ვიზიტორებს ექნებათ, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი ღამით მაინც დარჩებიან. ერთი დღით ჩასულ ტურისტებს მანქანებიანად და ავტობუსებიანად გააბრუნებენ.
გარდა ამისა, სოფელი დღის განმავლობაში, ისიც სეზონის პიკურ პერიოდში, მხოლოდ 600-მდე სტუმარს უმასპინძლებს და ვიზიტორები ვალდებულნი იქნებიან, ეკლესიამდე მისასვლელი 30 წუთიანი გზა ფეხით გაიარონ. მუნიციპალიტეტს ჯერ არ გადაუწყვეტია, ამოქმედდება თუ არა შატლის სერვისი მათთვის, ვისაც ფეხით დიდ მანძილზე სიარული უჭირს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის ავტოსადგომის შევსების შემდეგ, მძღოლებს მანქანების გაჩერება მოშორებით მოუწევთ და თუკი ამჟამად სოფელში პარკირება დღეში 4 ევრო ღირს, ფასი სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
