LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროგრამაშია ქართული ფილმები 30-იანი წლების ჩათვლით…“ – ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა პარიზში იმართება

419
სოფია ბაბლუანი

ფრანგ მაყურებელს ერთი თვის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა ნახოს. პროგრამაშია გამორჩეული ფილმები ქართული კინოარქივიდან, რომლებიც გასული საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით არის გადაღებული ქართველი კინორეჟისორების მიერ. თათა სადრაძის გადაცემა არტ-FM რადიო „ფორტუნას“ ეთერში სწორედ ამ თემას დაეთმო, გადაცემის სტუმარმა, რეჟისორმა, სოფია ბაბლუანმა ისაუბრა.

ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენაზე, რომლის ფარგლებშიც ფრანგი და უცხოელი მაყურებელი უკვე ნახულობს ქართული უხმო კინოს ნამუშევრებს… მოგვიყევით ამ ღონისძიების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ეს ხდება პარიზში, კინემატოგრაფის ქვეყანაში. ჩვენი რეტროსპექტივა თითო ფილმის ორ-ორ ჩვენებას ითვალისწინებს. პროგრამაშია ქართული ფილმები 30-იანი წლების ჩათვლით. პროგრამა იხსნება პირველი ქართული დოკუმენტური ფილმით – „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, ეს არის ისტორიულად პირველი პოეტის პორტრეტი, რომელიც ასახულია ფირზე. შემდეგ მოდის 20-იანი წლების ფილმები, ნიკოლოზ შენგელაიას, მიხეილ ჭიაურელის, პირველი ქართველი რეჟისორი ქალის, ალბათ, საბჭოთა სივრცის პირველი რეჟისორი ქალის, ნუცა ღოღობერიძის… ეს არის ქართული კინოს პირველი ნაბიჯები, რომლებსაც ფრანგ მაყურებელს ვთავაზობთ. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ქართულ კინოს სვამ მსოფლიო კინოს კონტექსტში.

როგორია მაყურებლის გამოხმაურება?

არც ერთ მაყურებელს არ უნახავს მხოლოდ ერთი ფილმი, აუცილებლად ბრუნდებიან სხვა ფილმების სანახავად. ძირითადად, პროფესიონალი კინომოყვარულები ესწრებიან, პროფესორები, რომლებიც საბჭოთა კინოს ძალიან კარგად იცნობენ, მაგრამ არ იციან ქართული კინოს სპეციფიკა. დიდ ინტერესს გამოთქვამენ, აინტერესებთ ეთნოგრაფიული მხარე, კოსტიუმი იქნება, თუ წეს-ჩვეულება… აქ არის ფილმები, რომლებიც კონკრეტული ნაწარმოებების მიხედვით არის გადაღებული, მაგალითად, „ელისო“, ალექსანდრე ყაზბეგის მიხედვით. სპეციალისტები დაკვირვებით ეცნობიან ყველა დეტალს.

რას გვეტყვით საოცარ მუსიკალურ გაფორმებაზე, რომლებიც უხმო ფილმებს ახლავს თან?

თითოეულ ფილმს აქვს მუსიკალური გაფორმება, პარიზის კონსერვატორიიდან მოწვეული პიანისტები აკეთებენ, ისინი ხშირად იმპროვიზაციასაც მიმართავენ… 20 სეანსი იყო წარდგენის სახით – ქართველმა და ფრანგმა კინომცოდნეებმა, რეჟისორებმა წარადგინეს ქართული ფილმები მაყურებლის წინაშე. მაყურებელი ინტერესით უსმენდა ისტორიულ კონტექსტს, რომლის შესახებაც კინოჩვენებების წინ ვსაუბრობდით. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ თბილისი იყო ძალიან მულტიკულტურული და ძალიან კოსმოპოლიტი ქალაქი… 20 სეანსი უკვე წარდგენის გარეშე წარიმართება.

როდემდე გაგრძელდება ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა პარიზში?

ბოლო ჩვენება გვაქვს 3 მარტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g