ამერიკულმა ავიაკომპანიამ United Airlines მგზავრების მიერ პერსონალური ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებით შიდა განაწესი განაახლა.
ახალი წესების თანახმად, ნებისმიერი აუდიო თუ ვიდეო მასალის მოსმენა ბორტზე მხოლოდ ყურსასმენის მეშვეობითა იქნება ნებადართული. მათთვის, ვინც სისტემატურად დაარღვევს ამ წესს და უგულებელყოფს ეკიპაჟის შენიშვნებს, ავიაკომპანია იტოვებს უფლებას, მგზავრს საკუთარი სერვისებით სარგებლობა აუკრძალოს და ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანოს.
ეს გადაწყვეტილება საავიაციო ინდუსტრიაში მზარდ პრობლემას პასუხობს – ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა საჩივრებმა იმ მგზავრების წინააღმდეგ, რომლებიც ხმამაღლა უყურებენ ფილმებს, უსმენენ მუსიკას ან საკომუნიკაციო არხებს სპიკერების ჩართვით იყენებენ. United Airlines-ის განმარტებით, თვითმფრინავის სალონი შეზღუდული სივრცეა, სადაც სხვების სიმშვიდის დარღვევა უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას, რადგან ხმაურმა მგზავრებს, შესაძლოა, ეკიპაჟის მნიშვნელოვანი ინსტრუქციების გაგონებაში შეუშალოს ხელი.
აღსანიშნავია, რომ United Airlines-ი პირველი მსხვილი გადამზიდავია, რომელმაც ეს წესი ოფიციალურ დოკუმენტში ასე მკაცრად გაწერა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სხვა ავიაკომპანიებიც მალე მიჰყვებიან ამ მაგალითს.
