სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭირო გახდება დავიცავ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ გავიმეორებ, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის და ოლიგარქის სპეცოპერაცია, ტოტალური გაყალბებით და ზეწოლით. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭირო გახდება დავიცავ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
