შავი ჭირი იგივე ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ჰქონდა false ფორმა და რომელიც XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას, ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „მეორე პანდემია“. გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა.

ჭირის ბუნებრივი გადამტანია რწყილი, რომელიც მღრღნელების პარაზიტია. ინფიცირებული რწყილში ჭირის ბაქტერიები მრავლდებიან იმდენად დიდი რაოდენობით, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ქმნიან საცობს, რომლითაც იფარება საყლაპავი მილის გასასვლელი, ამიტომ რწყილი იძულებულია ლორწოვანი ბაქტერიული მასა გადმოანთხიოს ნაკბენისგან დატოვებულ ჭრილობაში. გარდა ამისა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაავადებული რწყილი იძულებულია უფრო ხშირად უკბინოს მსხვერპლს და მეტი ოდენობით სვას სისხლი, რადგან ყლაპვის პროცესი გართულებულია და კუჭში ნორმაზე გაცილებით ნაკლები ხვდება.

აღმგზნები იჭრება შავი ჭირით დაავადებული რწყილისა თუ ცხოველის ნაკბენის შედეგად მიღებულ კანის დაზიანებებში, ლორწოვანი გარსის გავლით ან აირ-წვეთოვანი გზით. შემდეგ იგი აღწევს ლიმფურ კვანძებამდე, რომლებშიც იწყებს სწრაფად გამრავლებას. დაავადება მოულოდნელად იწყება: ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ციებითურთ, სახე ჰიპერემირებულია, შემდეგ იგი მუქდება, თვალებს ქვემოთ ჩნდება შავი წრეები. ბუბონი ჩნდება დაავადების მეორე დღეს. პულმონალური შავი ჭირი დაავადების ყველაზე სახიფათო ფორმაა. იგი შეიძლება წარმოიქმნას როგორც ბუბონური შავი ჭირის გართულებული ფორმა, ან აირ-წვეთოვანი გზით დაავადებისას. დაავადება ამჯერადაც ძალიან სწრაფად ვითარდება. პულმონალური შავი ჭირით დაავადებული განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს გარშემომყოფთათვის, რადგან ნახველთან ერთად გამოყოფს აღმგზნებების დიდ რაოდენობას..