1918-1920 წლის ესპანური გრიპის პანდემია გამოწვეული იყო H1N1 ტიპის ინფლუენზის A ვირუსით. პანდემია აზიანებდა მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს, რაც დაახლოებით 500 მილიონ ადამიანს მოიცავდა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეფასებულია 17 მილიონიდან 50 მილიონამდე, ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი შესაძლოა 100 მილიონამდე აღწევდეს, რაც ამ პანდემიას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და განადგურებელ ეპიდემიად აქცევს. პანდემიამ როგორც ჩვეულებრივ გრიპის შემთხვევებში, მძიმე ზიანი მიაყენა ახალგაზრდებსა და მოხუცებს, თუმცა განსაკუთრებული იყო სიკვდილიანობა ახალგაზრდა მოზარდებში. ეპიდემიას ხელი შეუწყო არასრულფასოვანმა კვებამ და ცუდმა ჰიგიენამ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სიკვდილიანობა ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.

1918 წლის პანდემიის დროს ინფიცირებულთა უმეტესობას აღენიშნებოდა გრიპის ტიპიური სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და ცხელება, განსაკუთრებით პირველი ტალღის დროს. თუმცა, მეორე ტალღა ბევრად უფრო მძიმე იყო, ხშირად იწვევდა ბაქტერიულ პნევმონიას, რამაც გამოიწვია მრავალი სიკვდილი. ამ მძიმე ფორმამ გამოიწვია კანის გალურჯება (ჰელიოტროპული ციანოზი), რასაც მოჰყვა კიდურების და ტანის გაშავება. სიკვდილი ჩვეულებრივ ხდებოდა რამდენიმე საათში ან დღეებში სითხით სავსე ფილტვების გამო.
სხვა სიმპტომები მოიცავდა ცხვირიდან და პირიდან სისხლდენას, მუცლის მოშლას, თმისა და კბილების ცვენას,თავბრუსხვევას და მგრძნობელობის დაქვეითებას. ხშირი იყო აგრეთვე სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, მათ შორის ცხვირიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან. ვირუსმა ასევე გამოიწვია ფილტვებიდან მასიური სისხლდენა და შეშუპება. თანამედროვე ანალიზი აჩვენებს, რომ ვირუსმა გამოიწვია იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია (ციტოკინური ქარიშხალი), რაც განსაკუთრებით სასიკვდილო იყო ძლიერი იმუნური პასუხის მქონე ახალგაზრდებისთვის.