შესაძლებელია თუ არა ბრეკეტების ტარების დროს სახის ინექციური პროცედურების ჩატარება – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ორთოდონტმა მარიამ სიჭინავამ ისაუბრა.
რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბრეკეტების გაკეთება?
ლამაზი ღიმილი მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის ჯანმრთელობის ნაწილია. ფუნქციურად სწორად განლაგებული კბილები, ამცირებს კარიესის, პაროდონტოლოგიური პრობლემების, საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებსა და ა.შ. სწორედ ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად ბრეკეტ-სისტემა გვევლინება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ორთოდონტიული მეთოდია.
ბრეკეტების გაკეთება შესაძლებელია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში. თანამედროვე ორთოდონტია საშუალებას იძლევა წარმატებული შედეგი მივიღოთ ნებისმიერ ასაკში. არსებობს რიგი ორთოდონტიული აპარატების, რომლებმაც შეიძლება თავიდან აგვარიდოს ბრეკეტ-სისტემაც კი. მაგალითად: ჩემი რეკომენდაციით 3 წლიდან სასურველია კონსულტაცია ორთოდონტთან, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აღენიშნება მავნე ჩვევები. მაგალითად, საწოვარას გახანგრძლივებული გამოყენება, თითის წოვა და ა.შ. თანამედროვე ორთოდონტიული აპარატები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღმოვფხვრათ მავნე ჩვევები. შემდეგ სასურველია ბავშვმა კონსულტაცია გაიაროს 5 წლის ასაკისთვის, როდესაც მუდმივი კბილები ემზადებიან ჩამოსაჭრელად. ყველა სარძევე კბილის ზედაპირი უნდა გაიცვითოს. ზოგჯერ ამ ასაკში არა სიმეტრიულად ან საერთოდ არ იცვითება სარძევე კბილები, ამ დროს აუცილებელია ორთოდონტის ჩართულობა, რათა არ განვითარდეს ჯვარედინი თანკბილვა, სახის ასიმეტრია და ა.შ.
შემდეგ უკვე 6 წლის ასაკიდან სასურველია ორთოდონტთან ვიზიტი 6-8 თვეში ერთხელ, რათა დაგიგეგმოთ როდის და რომელი სარძევე კბილი უნდა ამოიღოს ბავშვმა. ამ მიდგომამ შეიძლება თავიდან აგვაცილოს ორთოდონტიული მკურნალობაც კი, მათ შორის ბრეკეტ-სისტემის.
12 წელი გარკვეულ პათოლოგიებში დაგვიანებულიც შეიძლება იყოს. სამომავლოდ კი მხოლოდ ორთოდონტის ჩართულობა საკმარისი არ აღმოჩნდეს და საჭირო გახდეს ორთოგნათი ქირურგის ჩართულობა.

რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობის საშუალო კურსი?
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე. საშუალოდ პროცესი გრძელდება 1-დან 2 წლამდე, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებიც ან მეტიც იყოს. რეგულარული ვიზიტები და რეკომენდაციების დაცვა ურთიერთპროპორციულია.
როგორ უნდა მოვუაროთ ბრეკეტებს მკურნალობის დროს?
გაფრთხილება: ბრეისების მოუვლელობის შემთხვევაში, აღნიშნული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება დააზიანოს, როგორც კბილები(თეთრი ლაქები), ასევე ღრძილები(ღრძილების ანთება), იმის მაგივრად რომ გქონდეთ ჯანსაღი პირის ღრუ.

მოქმედებს თუ არა ბრეკეტები მეტყველებაზე ან დიქციაზე?
ბრეკეტ-სისტემა ფიქსირდება კბილის ზედაპირზე, შესაბამისად არ მოქმედებს მეტყველებაზე, თუმცა შეიძლება იყოს მცირედ გამოხატული ცვლილება, როდესაც მკურნალობის დროს ვაფართოებთ ყბას, ან ზედა და ქვედა ყბას შორის სივრცე მეტი ჩნდება, თუმცა ეს დროებითია, მკურნალობას ახლავს თან, რაც ამ ყოველივე აღნიშნულის გასწორების შემდეგ არანაირ კვალს აღარ ტოვებს.
ცვლის თუ არა ბრეკეტები სახის ოვალს ან ტუჩების ფორმას?
დიახ, გარკვეულ შემთხვევებში ცვლის. თანკბილვის გასწორება ხშირად აუმჯობესებს სახის პროფილს, ტუჩების პოზიციას და ღიმილის ჰარმონიას.
შესაძლებელია თუ არა ბრეკეტების ტარების დროს სახის ინექციური პროცედურების ჩატარება?
ზოგადად შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია კონსულტაცია როგორც ორთოდონტთან, ასევე შესაბამის სპეციალისტთან.
მნიშვნელოვანია, რომ პროცედურებმა არ იმოქმედოს მკურნალობის პროცესსა და შედეგზე.