LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, როგორ, მე ჩემს საქმეს როგორ გადავდებ, ჯერ არ მჭირდება ოჯახი, შვილს ჯერ ვერ გავაჩენ, ჩემს საქმეს ვერ მივატოვებ. ამ გადმოსახედიდან უაზრო ფიქრები იყო. ჩემს ცხოვრებაში გვიან მოვიდა, მაგრამ ისეთი დოზით, იმდენად სწორად და სიღრმისეულად აღვიქვამ შვილებს…“ – თამუნა ამონაშვილის შეცვლილი ცხოვრება გადაცემაში „არტ-FM“

869
თამუნა-ამონაშვილი

თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ესტუმრა მომღერალი თამუნა ამონაშვილი, რომელმაც საქმესა და შვილებზე ვრცლად ისაუბრა.

თამუნა ამონაშვილი:

გადავწყვიტე, რომ ჩემი დაწერილი სიმღერით წარვდგე მსმენელის წინაშე. ცოტა რთულია, საოცრად დაკავებული და გადაღლილი ვარ, მაგრამ სასიამოვნოდ, სხვა გზა არ არის. როცა შენი საქმე გაიყინება, თითქოს ადამიანი შინაგანად სიცარიელეში აღმოჩნდები. ეს სიცარიელე ყველა შემოქმედებით ადამიანს თრგუნავს. ჩემი ახალი სიმღერით ძალიან მალე წავდგები თქვენ წინაშე, მსუბუქი, ლამაზი მოსასმენი იქნება, ახალგაზრდული… რადიკალურ ცვლილებებს ვერ შემოგთავაზებთ, ის სტილი, რაც არის ჩემი, სიტკბო, ყველა სიმღერაში დევს, ამას ვერანაირად ვერ შევეშვები. თუ მე თვითონ არ მესიამოვნა, მსმენელიც ვერ მიიღებს. ვნახოთ, მსმენელი განსჯის შემდეგ. ორ სიმღერას შემოგთავაზებთ.

მცირე ხნის წინ დიდი ბედნიერება შემოვიდა თქვენს ოჯახში, ტყუპები შეგეძინა...

იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, როგორ, მე ჩემს საქმეს როგორ გადავდებ, ჯერ არ მჭირდება ოჯახი, შვილს ჯერ ვერ გავაჩენ, ჩემს საქმეს ვერ მივატოვებ. ამ გადმოსახედიდან უაზრო ფიქრები იყო. თურმე, ეს არის ყველაზე დიდი რაღაც. ჩემს ცხოვრებაში გვიან მოვიდა, მაგრამ ისეთი დოზით, იმდენად სწორად და სიღრმისეულად აღვიქვამ შვილებს… იმ წლებში, როდესაც გათხოვებას, ოჯახს უარვყოფდი… თურმე, ადამიანისთვის პირველადი არის ოჯახი და შვილები… პატარა ბავშვებს იმხელა ძალა, სიბრძნეც კი მოაქვთ მშობლის ცხოვრებაში, კაცი იქნება ეს თუ ქალი, რომ აბსოლუტურად სხვანაირად ხედავ ყველაფერს. წვრილმანები, რაც მანერვიულებდა, დღევანდელი გადმოსახედიდან, სხვანაირად აღსაქმელია. რა უაზრო ყოფილა ეს ყველაფერი, ამას ვფიქრობ. როცა მომღერალი სული აქვს ადამიანს, დაბადებიდან, ორი-სამი წლის ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე, მუსიკალური განათლება, თეატრალურის დამთავრება, მაინც უბრუნდები შენს საქმეს. იმდენად მაქვს შესისხლხორცებული, რომ სხვანაირად არ ძალმიძს… მაგრამ მადლობას ვწირავ უფალს, რომ გვიან, მაგრამ დადგა ეს დრო ჩემს ცხოვრებაში – ბავშვები, ოჯახი, რომელსაც საოცარი ბედნიერება და აღმაფრენა მოაქვს ჩემს ცხოვრებაში. არ გვძინავს, ძალიან ვიღლებით, მაგრამ როცა ბავშვების სიცილს, კისკისს, ჟღურტულს ვხედავთ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.

რომელი რომელს გგავთ?

გოგო ჩემია, ბიჭი – მამიკოსი. ბიჭი იმდენად ჰგავს მამას, რომ პატარა რევაზია. ვშაყირობთ ხოლმე, რევაზი პამპერსშიო, დიდი მსგავსებაა.

დამხმარეს გარეშე ხართ დღემდე?

დღემდე ასეა. ბოლომდე გვინდა შევიგრძნოთ, რა არის ეს ენერგია, დედობისა და მამობის. იმდენად ნანატრია შვილები, რომ ვერ წარმომიდგენია სხვისი ჩარევა მათ აღზრდაში. აუცილებლად დადგება ის დრო, რომ ნამდვილად ვეღარ გავწვდებით, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ცხოვრება ხომ გინდა ადამიანს, რაღაცნაირად უნდა შევათავსოთ, მაგრამ ყოველდღიურობაში იმდენი ფლუიდი, ენერგია იბადება, გადადის და გადმოდის, ამის გარეშე რთულია იმის შეგრძნება, რომ დედა ხარ.

რომანტიკისთვის თუ გრჩებათ დრო შენ და რეზიკოს?

არაფრისთვის მრჩება დრო…

ვისაც შვილს დიდი ხანია ნატრობს, რა არის ის მთავარი რჩევა, რასაც მათ მისცემდით?

ძალიან დიდი ხანი ველოდი შვილს, რა არ გავაკეთე… არაფერი გამოდიოდა. შემდეგ თვითონ დადგა ეს დრო… ალბათ, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. შვილი სულ გინდა… სულ უნდა იყო მომართული… რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფალთან ურთიერთობა და ლოცვა. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ამის გარეშე, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა. ვერც საქმე და ვერც ყოველდღიურობა ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე. როდესაც მე გავაჟღერე, რომ არ მყავს შვილი და იქნებ, ილოცოთ-მეთქი, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა გულისხმიერება, მწერდნენ, რომ ჩემთვის ლოცულობდნენ. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ დღეს იმდენად ბევრი საშუალებაა… საოცრებებს აკეთებენ, ისეთი კლინიკებია, თუნდაც მე სადაც ვიყავი და დამეხმარა ქალბატონი ნინო მუსერიძე. ბევრი რამ ხდება ისეთი, რასაც ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ. ჩვენ გვესმის, რომ დაფეხმძიმდა და გააჩინა, დღევანდელ დღეს ეს აღარ არის პრობლემა. პრობლემა არის ფინანსები. ზოგს ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ამ წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ვლოცულობდი, ვმკურნალობდი, მაგრამ არ გამოვიდა და წლების განმავლობაში მობილიზაცია გავაკეთეთ ფინანსების. ვისაც შემოსავალი არ აქვს, მისთვის ძალიან რთულია, მაგრამ არსებობს უფალი, შენდა უნებურად ყველაფერი დაგილაგდება…

შესანიშნავ ფორმაში ხარ, ამას როგორ ახერხებ?

ბავშვებმა ძალიან დიდი ენერგია მომცეს… ყველა ქალს ვურჩევდი ვარჯიშსა და წყლის დალევას. რა თქმა უნდა, ვამბობთ სწორ კვებასაც, მაგრამ უფრო მეტად ვარჯიშს. მიჭამია მთელი დღე ტკბილი, მაგრამ მეორე დღეს აღარ მიმირთმევია, ორგანიზმი უნდა გაათავისუფლო, უნდა ესაუბრო. მე მომენტალურად ვგრძნობ, რა მარგებს და რა – არა. ვვარჯიშობ 16 წლიდან. რაც უნდა ბევრი მივირთვა, არ გადადის სხეული უფორმობაში. ვარჯიშისგან წლების განმავლობაში ორგანიზმს ფორმები მიეცა.

სამომავლო გეგმებში ხომ არ შედის სოლოკონცერტი?

მოწვევით კონცერტებზე სულ მივდივარ, ამით ვცხოვრობთ და ეს სულ არის. დიდი სოლოკონცერტის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ღმერთმა ძალიან დიდი საჩუქარი გამომიგზავნა ბავშვების სახით, მირჩევნია, ჩემი შვილებით დავკავდე. მთელი ჩემი ენერგია, ფინანსები, აზრები მინდა ბავშვებში ჩავდო… მინდა, გავზარდო კარგ ადამიანებად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g