LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში სურსათი ძვირდება – გაერო ახალი კრიზისის საფრთხეს ხედავს

111
ქირიას NEWS შაბლონი (1)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის – FAO მონაცემებით, მსოფლიოში სურსათზე ფასები ზედიზედ მესამე თვეა იზრდება და უკვე სამ წელზე მეტი პერიოდის მაქსიმუმს მიუახლოვდა. ექსპერტები მთავარ მიზეზებად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, ენერგორესურსების გაძვირებასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას ასახელებენ.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი აპრილში 1.6%-ით გაიზარდა და 130.7 ქულას მიაღწია. ეს უკვე ზედიზედ მესამე თვეა, როცა ინდექსი მატებას აჩვენებს. განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა მცენარეული ზეთების ფასები – 5.9%-ით, რაც ძირითადად ირანის ომის ფონზე ჰორმუზის სრუტეში შექმნილ კრიზისს უკავშირდება. სწორედ ამ მარშრუტით გადაადგილდება მსოფლიო ენერგორესურსებისა და სასუქების მნიშვნელოვანი ნაწილი.

FAO-ს მთავარი ეკონომისტის, მაქსიმო ტორეროს განცხადებით, ენერგიის გაძვირება ავტომატურად ზრდის ბიო საწვავზე მოთხოვნას, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს მცენარეული ზეთების ბაზარზე. ამასთან, ძვირდება სასუქებიც, რაც ფერმერებისთვის წარმოების ხარჯებს ზრდის და მომავალში მოსავლიანობის შემცირების რისკს ქმნის.

ანგარიშის მიხედვით, ხორცის ფასების ინდექსი 1.2%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო მარცვლეულის ფასები 0.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, FAO აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გლობალური აგროსასურსათო სისტემა ჯერ კიდევ ინარჩუნებს სტაბილურობას, რადგან ბაზარზე წინა სეზონების მარაგები არსებობს. თუმცა ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ თუ ენერგოკრიზისი და გეოპოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება, 2026 წლის ბოლოსა და 2027 წელს მსოფლიოში სურსათის ახალი კრიზისის რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ზრდა ძირითადად საბითუმო ბაზრებზე შეინიშნება, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ტენდენცია საცალო ფასებზეც აისახება და მომხმარებლებისთვის სურსათი კიდევ უფრო გაძვირდება. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდებიან დაბალშემოსავლიანი ქვეყნები, რომლებიც სურსათისა და სასუქების იმპორტზე არიან დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g