LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე…“ – როგორ ინარჩუნებს ფორმას ლალი ტოტიკაშვილი

254
lali totikaSvili

ლალი ტოტიკაშვილმა ახლახან ახალი ფოტოსესია გაგვიზიარა, სადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია.

ცნობილი მოდელი რომელმაც კარიერა წლების წინ დაიწყო და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ იქცა ქართული მოდის სფეროში, გარეგნულ იერზე განსაკუთრებულად არ ზრუნავს და ფიქრობს, რომ მეტწილად, მისი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა.

ლალი ტოტიკაშვილი:

სერიოზული კოსმეტოლოგიური პროცედურები რომ დავიწყე, სხვათა შორის, საკმაოდ დიდი ვიყავი, სადღაც 36-37 წლის ვიყავი.

ანუ კარგი გენეტიკა გაქვს, როგორც ვხვდები…

კი, დედისგან… დედას ვგავარ. მაინც ვფიქრობ, რომ მოვლა რა თქმა უნდა, საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ გენეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს.

დედისგან რა ისწავლე ამ კუთხით?

დედა არასდროს მიმართავდა არანაირ პროცედურას. დღემდე მხოლოდ კრემების საშუალებით უვლის თავს.

კოსმეტოლოგიური პროცედურებიდან თავად რას მიმართავ?

პირველად ბოტოქსი გავიკეთე, რადგან მიმიკური ვარ და ნაოჭი არ გაჩენილიყო, საპროფილაქტიკოდ გავიკეთე. ეს არის ის პროცედურა, რასაც წელიწადში ორჯერ, რეგულარულად ვიკეთებ, წელიწადში ერთხელ კი, სახის დატენიანებას, ბიორევიტალიზაციის სახით. ჰიალურონს ჩვენი ორგანიზმი ასაკის მატებასთან ერთად მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს და ამიტომ მიხმარება სჭირდება. თავის მოვლის რუტინა, როგორც ყველას, ისე მაქვს მეც, დილა-საღამოს. კორეელი ქალების მსგავსად, მრავალსაფეხურიანი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ სახის გაწმენდა, დატენიანება, შრატი და კრემი – ამ ეტაპებს მივმართავ. დემაკიაჟი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველდღიურად მაკიაჟს არ მივმართავ, მაინც საჭიროა ყოველდღიურად სახის გასუფთავება და კრემის წასმა.

საოცარი თმა გაქვს, როგორ უვლი?

ძალიან მომწონს გასწორებული თმა და მთელი ცხოვრება სალონში ვისწორებდი. ბევრს ჰგონია, რომ ასეთი თმა მაქვს, სინამდვილეში – ტალღოვანია. ბოლო სამი წელიწადია, მივმართავ კერატინს თმის გასასწორებლად. ნიღაბსაც ვიკეთებ, მაგრამ განსაკუთრებულად არ ვუვლი.

ვარჯიშობ?

ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. ვვარჯიშობდი, მაგრამ ბოლო ორი წელია, დროის უქონლობის გამო ვეღარ ვახერხებ. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ისევ დავუბრუნდები დარბაზს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, კუნთებისა და ძვლებისთვის, არამედ განწყობისთვის.

წონის კონტროლთან როგორ ხარ?

არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. ვარ გურმანი, ძალიან მიყვარს გემრიელი კერძები. პრინციპში, არ მაქვს შეზღუდვები. ბოლო პერიოდში ამოვიღე გაზიანი სასმელი, რადგან სასარგებლო არ არის. წონის პრობლემა არასდროს მქონია, ესეც ვფიქრობ, გენეტიკურია.

შვილებს რას ასწავლი თავის მოვლის კუთხით?

პირველ რიგში იმას ვასწავლი, რომ სწორად იკვებონ. ნიტას, ჩემს ქალიშვილს ვეუბნები, რომ აქედანვე აკონტროლოს წონა, რადგან როცა ის გაიქცევა, მერე რთულია ფორმაში დაბრუნება. ჯერჯერობით არ აქვს ამის პრობლემა, მაგრამ მაინც ვაფრთხილებ.

ბევრ კომპლიმენტს იღებ, რომ საუკეთესოდ გამოიყურები… რაიმე არის, რაც შენს გარეგნობაში არ მოგწონს?

ზოგადად, მადლიერი ვარ ჩემი გარეგნობის გამო, მაგრამ სულ არ ვფიქრობ, რომ არაფრის შეცვლა მჭირდება. მოვისურვებდი, რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო. მაგალითად, ძალიან მინდოდა, მქონოდა ლურჯი ფერის თვალები. ჩემი შავი თვალის ფერით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ლურჯი თვალები ყოველთვის მომწონდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მართლა აღარ ვარ 17 წლის, ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვარ.

ასაკს როგორ უყურებ, როგორც სტრესის ფაქტორს, თუ როგორც გამოწვევას?

წლებს თავისი მოაქვს, არ გაქვს არც ის თმა და არც ის კანი, რაც ახალგაზრდა ასაკში გქონდა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ დაბერება არის ბედნიერება, მთავარია, დავბერდეთ ლამაზად და ამისთვის მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რას გრძნობ შინაგანად. ეს ძალიან აისახება გარეგნობაზე. როცა პოზიტიური განწყობა გაქვს, ეს აუცილებლად აისახება ვიზუალზე.

15-20 წლის შემდეგ საკუთარი თავი როგორ წარმოგიდგენია?

ამაზე სხვათა შორის, არ მიფიქრია. სურვილი მაქვს, რომ გამოვიყურებოდე კარგად, მიუხედავად ასაკის მატებისა. ოღონდ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ ჩარევებს. პროცედურები უნდა იყოს იმდენად ბუნებრივად, არც კი გეტყობოდეს. ბოტოქსის შემთხვევაში არ მიყვარს მიმიკის მთლიანად გათიშვა, მგონია, რომ ძალიან ხელოვნურია. მომწონს მინიმალური ჩარევები და ბუნებრივი შედეგი.

თავად ლამაზი ქალისთვის ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი საქართველოში?

ქართველები ძალიან ლამაზები ვართ და კარგი გენეტიკის ხალხი ვართ. ძალიან ბევრი მომწონს, თუმცა კონკრეტულად ვერ დავასახელებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g