Mazda-ს წინააღმდეგ აშშ-ში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ კომპანიის რამდენიმე მოდელში წინა სავარძლების გათბობის სისტემა იმდენად ძლიერად მუშაობს, რომ ტანსაცმლის დადნობა და მგზავრებისთვის დამწვრობების მიყენება შეუძლია.
სარჩელის მიხედვით, მოთხოვნილი კომპენსაციის საერთო მოცულობა 662 მილიონ დოლარს აღწევს.
ერთ-ერთი მოსარჩელის განცხადებით, მისი Mazda-ს მგზავრის სავარძელი იმდენად გადახურდა, რომ სავარძლის ზედაპირზე ხვრელი გაჩნდა, ხოლო ზედ დადებული ქურთუკი დაიწვა. კიდევ ერთი ადამიანი ამბობს, რომ ბარძაყების არეში დამწვრობა მიიღო, ხოლო სიცხემ ადრე მიღებული ხერხემლის ტრავმაც გაუმწვავა.

მესამე შემთხვევის მიხედვით, ავტომობილში მგზავრის სავარძელი ერთ მომენტში აალდა კიდეც. დილერმა კი გარანტიით შეკეთებაზე უარი განაცხადა და მიზეზად ავტომობილის ასაკი დაასახელა. შედეგად, მფლობელს სისტემის მექანიკურად გასათიშად 650 დოლარის გადახდა მოუწია.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Mazda-მ პრობლემის შესახებ იცოდა, თუმცა მომხმარებლებისთვის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია და ხარვეზის გამოსასწორებლად ნაბიჯები არ გადაუდგამს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მსგავსი პრობლემა შესაძლოა ჰქონდეს მოდელებს – Mazda6, CX-30, CX-50, CX-5 და CX-9.