LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche-ის გაყიდვები 16%-ით შემცირდა – ელექტრომობილი Taycan მოდელ 911-ზე თითქმის ხუთჯერ ნაკლებად იყიდება

133
ქირიას NEWS შაბლონი (2)

გერმანული ავტომწარმოებელი Porsche 2026 წლის პირველ ცხრა თვეში გაყიდვების შემცირებას განაგრძობს. კომპანიამ ამ პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით 178 532 ავტომობილი მიაწოდა მომხმარებლებს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. ამ ფონზე ერთადერთი სამოდელო ხაზი, რომლის გაყიდვებიც გაიზარდა, სპორტული Porsche 911 აღმოჩნდა. ელექტრომობილი Taycan კი თითქმის ხუთჯერ ნაკლები რაოდენობით გაიყიდა.  ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი კომპანიის გაყიდვების ანგარიშზე დაყრდნობით წერს. 

ყველაზე მკვეთრი შემცირება რამდენიმე მნიშვნელოვან მოდელს შეეხო. ოთხკარიანი Panamera-ს გაყიდვები 35%-ით შემცირდა და 13 700-ზე მეტი ავტომობილი შეადგინა. ელექტრომობილი Taycan-ის მიწოდება კი 31%-ით დაეცა: მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მომხმარებლებს 8 699 ავტომობილი მიეწოდათ, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12 600 ერთეული იყო.

კიდევ უფრო დიდი ვარდნა დაფიქსირდა 718 Boxster-ისა და Cayman-ის ოჯახში. ამ მოდელების მიწოდება 79%-ით შემცირდა და დაახლოებით 3 300 ავტომობილს გაუტოლდა, რაც წარმოების დასრულებას უკავშირდება. Macan-ის გაყიდვები კი 21%-ით შემცირდა და 51 ათას ავტომობილს მიაღწია. ამ რაოდენობიდან დაახლოებით 23 ათასი ელექტრული ვერსია იყო.

მიუხედავად საერთო კლებისა, Porsche-ს მოდელებს შორის ყველაზე პოპულარული ავტომობილი ამჯერად Cayenne გახდა. წლის პირველ ცხრა თვეში კომპანიამ ამ მოდელის 59 600-მდე ეგზემპლარი გაყიდა. შედეგი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2%-ით ნაკლებია. გასული წლის პირველ ცხრა თვეში გაყიდვების ლიდერი Macan იყო, რომელმაც მაშინ 64 800 ავტომობილის შედეგი აჩვენა.

კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლე ელექტრული Cayenne-ის ბაზარზე გამოსვლაა. Porsche-ს მონაცემებით, ზაფხულში მოდელის წარდგენის შემდეგ მომხმარებლებს მისი 7 002 ეგზემპლარი მიეწოდათ.

გაყიდვების კლების ფონზე Porsche 911-ის პოპულარობა იზრდება. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ამ სპორტული ავტომობილის 42 217 ერთეული გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია. შედეგად, 911-მა Taycan-ს გაყიდვებით თითქმის ხუთჯერ გადააჭარბა. 

Porsche-ის გაყიდვები ყველა ძირითად რეგიონში შემცირდა. გერმანიაში კლება 7% იყო, ევროპის დანარჩენ ქვეყნებში – 11%, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში – 13%. ყველაზე რთული ვითარება ჩინეთშია, სადაც ბრენდის ავტომობილებზე მოთხოვნა დაახლოებით მესამედით შემცირდა. ჩინეთის ბაზარზე არსებული სირთულეები განსაკუთრებით მტკივნეულია მწარმოებლისთვის, რადგან ეს რეგიონი Porsche-სთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია.

გაყიდვების შემცირების საპასუხოდ კომპანიამ განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია Sportwagenschmiede ’35 წარადგინა. გეგმა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მოგებიანობის გაზრდას, ხარჯების შემცირებასა და უფრო ძვირად ღირებულ, ექსკლუზიურ მოდელებზე ფოკუსირებას ითვალისწინებს. სტრატეგიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება.

Porsche-ს მიმდინარე შედეგები აჩვენებს, რომ ბრენდის ყველა მოდელი მომხმარებლებისგან ერთნაირ ინტერესს ვერ იწვევს. მაშინ, როდესაც ელექტრომობილი Taycan გაყიდვების მნიშვნელოვან კლებას განიცდის, კლასიკური სპორტული 911-ის მიმართ მოთხოვნა იზრდება. ამასთან, Cayenne კვლავ ინარჩუნებს წამყვან პოზიციას და კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდელად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები