„რუსთავი 2“-ის მუსიკალური კონკურსის, „საქართველოს ხმის“ მეორე სეზონის გამარჯვებული დათუნა მესტვირიშვილი მომღერალი და ვოკალის პედაგოგია, რომელსაც საინტერესო გეგმები აქვს. შემსრულებელი მალე საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობას გეგმავს, სადაც ქართული და უცხოური რეპერტუარით წარდგება.

დათუნა მესტვირიშვილი:
„საქართველოს ხმის“ კონკურსზე მოვხვდი სრულიად შემთხვევით. კონკურსის შესახებ მითხრა თამუნა მანჯავიძემ და მონაწილეობა გადავწყვიტე. არც მეგონა, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები, ათეულში მოვხვდებოდი და შემდეგ უკვე გავიმარჯვებდი. ძალიან ემოციური მომენტი იყო – მოხდა ის, რასაც არ ველოდებოდი. პირველ კვირას არ მჯეროდა, მერე ნელ-ნელა დავიჯერე. მოვიგე ბინა, რამაც ასევე ძალიან გამახარა, „საქართველოს ხმის“ ტიტულთან ერთად.
რა მოგცა ამ კონკურსმა და მასში მონაწილეობამ?
პირველ რიგში, რაც კონკურსმა მომცა, ეს არის მუსიკალური გამოცდილება, თავისუფლება სცენაზე, რადგან ამ ყველაფრის კომპლექსი მქონდა. მომცა მუსიკის უფრო მეტი სიყვარული და კარიერული წინსვლა. მქონდა შეხება საოცარ მუსიკოსებთან, პედაგოგებთან და ჟიურის წევრებთან. შევასრულე ისეთი სიმღერები, რომლებიც მანამდე არ მქონდა შესრულებული.
დათუნა, გარდა იმისა, რომ მომღერალი ხარ, ასევე ვოკალის პედაგოგადაც მუშაობ…
თითქმის ერთი წელია, ვმუშაობ ლაშა ღლონტის სტუდიაში, ვოკალის პედაგოგად. ლაშას კონცერტზე მოვხვდი, სადაც ვიმღერე, გამომკითხა ყველაფერი, დაინტერესდა ჩემი მუსიკალური განათლებით. მაქვს დამთავრებული ევგენი მიქელაძის სამუსიკოსი სასწავლებელი. რამდენიმე დღის შემდეგ ამიყვანეს პედაგოგად. რადგან თავად ვუკრავ და ვმღერი, ლაშამ ამიტომაც შემომთავაზა პედაგოგობა, რადგან ბიჭი პედაგოგი სტუდიაში არ ჰყავდათ. მყავს 10-დან 18 წლამდე მოსწავლეები, მყავს რამდენიმე მოსწავლე, რომელიც ჩემზე უფროსია. ძირითადად, ვასწავლი ქართულ სიმღერებს.

დავუბრუნდეთ „საქართველოს ხმას“. როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც დასრულდა კონკურსი?
რა თქმა უნდა, მოიმატა ჩემი მსმენელის რაოდენობამ. ჩავწერე სამი საავტორო სიმღერა. ერთის პრემიერა უკვე შედგა, ეს კომპოზიცია ლილიკო ნემსაძემ დამიწერა. მალე იქნება ლილიკოს მეორე სიმღერის პრემიერაც, შემდეგ კი ნუგზარ თუშიშვილის სიმღერასაც გავაცნობ მსმენელს.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა თუ გიფიქრია?
მაქვს დაგეგმილი, რომ მონაწილეობა მივიღო მუსიკალურ ფესტივალებში, რომლებიც ამ ზაფხულს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. იქ შეგვაფასებს სხვადასხვა ქვეყნის ჟიური. ვაპირებ, რომ შევასრულო ქართული და უცხოური სიმღერებიც.

„საქართველოს ხმის“ შეფასებებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
ყველაზე მეტად მახსოვს შეფასება ტკბილხმიანი, ქართული ქალაქური სიმღერების პროფესიონალ შემსრულებლადაც მომიხსენიეს. ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები…
რა არის შენი ოცნება, როგორც მუსიკოსის?
ჩემი ოცნებაა გავხდე პოპულარული მომღერალი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. მინდა, საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი შემსრულებელი ვიყო.
