ჩინეთში წარმოებული ავტომობილების საშუალო წონა ბოლო 12 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამოცემა CarNewsChina-ის ინფორმაციით, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანია CCTV-ის კვლევას ეყრდნობა, 2012 წელს ქვეყანაში აწყობილი ავტომობილის საშუალო მასა 1312 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 1704 კილოგრამამდე გაიზარდა.
ანუ საშუალოდ ერთი ავტომობილი დღეს თითქმის 400 კილოგრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ათწლეულის დასაწყისში.
ექსპერტები მთავარ მიზეზად ელექტრიფიკაციის სწრაფ ტემპს ასახელებენ. განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ეს ტენდენცია 2020-2024 წლებში, როდესაც ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული მოდელების პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა. სწორედ ამ პერიოდში ავტომობილების წონის ზრდა ყველაზე სწრაფი იყო.
მთავარი ფაქტორი აკუმულატორებია. თანამედროვე ელექტრომობილებში დიდი სვლის მარაგის უზრუნველსაყოფად მწარმოებლები სულ უფრო ტევად ბატარეებს იყენებენ. მიუხედავად ტექნოლოგიური პროგრესისა, ენერგიის შენახვის სიმკვრივის ზრდა ჯერ კიდევ შეზღუდულია, რის გამოც ელექტრომობილის აკუმულატორის წონა ხშირად 500-დან 700 კილოგრამამდე მერყეობს.
წონის მატებას კიდევ ერთი ტენდენცია უწყობს ხელს – მომხმარებლების მზარდი ინტერესი დიდი ზომის კროსოვერებისა და SUV-ების მიმართ. მყიდველები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ფართო და ტევად მოდელებს, რაც ავტომობილების საერთო მასაზეც აისახება.
სპეციალისტების შეფასებით, მძიმე ავტომობილების რაოდენობის ზრდას რამდენიმე უარყოფითი შედეგი აქვს. იზრდება ენერგიის მოხმარება, უფრო სწრაფად ცვდება საბურავები და სამუხრუჭე სისტემები, ხოლო გზის საფარი დამატებით დატვირთვას იღებს.
გარდა ამისა, ფიზიკის კანონების გამო, მძიმე ავტომობილები ზოგიერთ სიტუაციაში ნაკლებად მანევრულები არიან და მათი მართვა უფრო რთულდება, განსაკუთრებით მაღალი სიჩქარის დროს.

ამ ფონზე ჩინეთის მარეგულირებელი უწყებები უკვე განიხილავენ ზომებისა და მასის მიხედვით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. მიზანია ავტომობილების უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვას შორის ბალანსის პოვნა.
ავტომწარმოებლებისთვის ეს ახალი გამოწვევაა: ერთის მხრივ, მომხმარებლები უფრო დიდ და კომფორტულ ავტომობილებს ითხოვენ, მეორეს მხრივ კი რეგულატორები და გარემოს დამცველები უფრო მსუბუქი და ეფექტური ტრანსპორტის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.