LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცილის გამო მოკლული 17 წლის ბიჭის ტელეფონი სამუდამოდ დადუმდა – ბიჭის, რომელიც დღე-დღეზე სტუდენტობას ელოდა… ღმერთო, რამდენს უძლებს ადამიანი!“ – რას წერს პედაგოგი ვერაზე სროლის შედეგად დაღუპულ ნიკოლოზ ღუნაშვილზე

894
ნიკოლოზ ღუნაშვილი

თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი, ნიკოლოზ ღუნაშვილი მოკლეს.

შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.

თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.

მათ შორის არის პედაგოგი ლოლა ჩხაიძე, რომლის სტატუსს „გურია თუდეი“ ავრცელებს:

„ალბათ, წუხელ, თბილისში ყველა მოზარდის ტელეფონი, ვინც სახლში არ იყო ან დედა არ იყო მასთან, ერთდროულად რეკავდა და ყველას ეწერა „დედა“…
ერთზე კი არ უპასუხეს, ვერც ექიმმა შეძლო, ეპასუხა.
სიცილის გამო მოკლული 17 წლის ბიჭის ტელეფონი სამუდამოდ დადუმდა.
ბიჭის, რომელიც დღე-დღეზე სტუდენტობას ელოდა…
ღმერთო, რამდენს უძლებს ადამიანი!
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ცხოვრება ასეთი საშიში თუ გახდებოდა…“ _ წერს ლოლა ჩხაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები