ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მრავალწლიანი სასამართლო დავა საფრანგეთში მდებარე მათი საერთო ღვინის მეურნეობის, „შატო მირაველის“ გარშემო ახალ ეტაპზე გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის ბრედ პიტმა სასამართლოს ოფიციალურად მიმართა მოთხოვნით, რომ ანჯელინა ჯოლიმ 2017–2019 წლების სრული ფინანსური დოკუმენტაცია წარადგინოს. მოთხოვნის საფუძველი ჯოლის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს დაშორების შემდეგ, მან კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი შეაჩერა და არაერთ მომგებიან პროექტზე თქვა უარი.
მსახიობის მტკიცებით, სწორედ ამან გამოიწვია მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, ხოლო პიტი საერთო ბიზნესს მასზე ზეწოლის ბერკეტად იყენებდა. ჯოლის თქმით, 2019 წელს საკუთარი წილის გაყიდვის გადაწყვეტილება სწორედ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილმა განაპირობა. ცნობისთვის, მსახიობის წილი მოგვიანებით რუსმა ბიზნესმენმა, იური შეფლერი შეიძინა.
ბრედ პიტის იურისტები კი მიიჩნევენ, რომ ჯოლის განცხადებები რეალობას არ შეესაბამება. მათი თქმით, თავდაპირველად მსახიობი მზად იყო 2017–2021 წლების ფინანსური ინფორმაცია წარედგინა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და მხოლოდ 2020 და 2021 წლების საგადასახადო დეკლარაციები და ბონუსების შესახებ მონაცემები გადასცა.
პიტის მხარე ამტკიცებს, რომ უფრო ადრეული წლების დოკუმენტები აუცილებელია იმის დასადგენად, ნამდვილად დაკარგა თუ არა ჯოლიმ მილიონობით დოლარის შემოსავალი, როგორც ის ამას თავად აცხადებს.
ანჯელინა ჯოლი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი წარმომადგენლების განცხადებით, ბრედ პიტი მსახიობის სიტყვებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყენებს. მათი თქმით, ჯოლის არასოდეს უთქვამს, რომ ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, მისი მიზანი მხოლოდ ყოფილი მეუღლისგან სრული ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება იყო.
მსახიობის დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ პიტის მოთხოვნა, წლების წინანდელი ფინანსური დოკუმენტების გამჟღავნების შესახებ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2016 წელს ხმაურიანი დაშორების შემდეგ უკვე წლებია სასამართლო დავებში არიან ჩართულები. მათ შორის განხილვის საგანი იყო როგორც ექვსი შვილის მეურვეობის საკითხი, ასევე საერთო ქონებისა მფლობელობის შესახებ დავა.
ცნობილი ხდება ანჯელინა ჯოლის რეაქცია მისი შვილების გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით

