LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძრაობის დარღვევა

103
მოძრაობის დარღვევა

იმისთვის, რომ ჩვენი მოძრაობა არ დაირღვეს, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემისა და კუნთების გამართული, კომპლექსური, მუშაობა. რომელიმე მათგანის დაზიანებას ან ფუნქციის მოშლას შეუძლია, მოძრაობის დარღვევა გამოიწვიოს. ნებით მოძრაობებს მოტორული ქერქი და ნათხემი აკონტროლებს. თავის ტვინის ამ ნაწილებიდან წამოსული იმპულსები გაივლის ზურგის ტვინსა და პერიფერიულ ნერვებს, მიაღწევს კუნთებამდე და იწვევს მათ შეკუმშვას. თავის ტვინის მარჯვენა ნახევრის მოტორული ქერქი სხეულის მარცხენა მხარის კუნთებს აკონტროლებს და პირიქით. ამ მოძრაობათა კოორდინაცია ნათხემში ხდება. კუნთებიდან და სახსრებიდან წამოსული იმპულსები ნათხემისა და ტვინის ქერქისკენ მიემართება და ამცნობს მათ, როგორ მოძრაობს ან რა პოზიციაშია სხეულის ესა თუ ის ნაწილი. ამგვარი უკუკავშირი განაპირობებს მოძრაობათა კოორდინაციას, მისი დამსახურებაა კიდურების მოქნილი მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება.

მოძრაობის დარღვევა მრავალნაირია. მას მიეკუთვნება სლოკინიც და პარკინსონის დაავადებაც, მაგრამ სლოკინი დროებითია და მცირე დისკომფორტს იწვევს, პარკინსონი კი სერიოზული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა მეტყველება, მოძრაობა, წონასწორობა. მოძრაობის დარღვევას იწვევს გენეტიკა, ინფექციები, მედიკამენტები, მეტაბოლური დარღვევები, ინსულტი, სისხლძარღვთა დაავადებები, ტოქსინები. თუ დაზიანებულია თავის ტვინის ის ნაწილები, რომლებიც ნებით მოძრაობას განაგებს, ვითარდება ნებით მოძრაობებზე პასუხისმგებელი კუნთების სისუსტე ან დამბლა და ძლიერდება რეფლექსები.

ნათხემის დაზიანება კოორდინაციის მოშლას იწვევს. არსებობს ისეთი პათოლოგიებიც, რომელთა დროს მოძრაობა მომატებულიც არის და დაქვეითებულიც. მაგალითად პარკინსონის დაავადება – ამ დროს უნებლიე მოძრაობებთან ერთად ნებითი მოძრაობა შენელებულია და სუსტი. განმეორებადი რიტმული მოძრაობები, რომლებიც გვხვდება აუტისტური სპექტრის აშლილობის, გონებრივი განვითარების შეფერხების,  ენცეფალიტის მქონე ბავშვებთან. სტერეოტიპიის შეჩერება უნდა მოვახერხოთ ყურადღების გადატანით. განასხვავებენ რიტმულ და არარიტმულ დარღვევებს. მოძრაობის დარღვევების განკურნება შესაძლებელია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ფორმაზე. ზოგი მათგანი ემორჩილება წამლებს, ზოგი ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად გაივლის, ზოგი კი უკურნებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები