სუპერმოდელ, სინდი კროუფორდისა და მსახიობ, რიჩარდ გირის შვილები, 24 წლის კაია გერბერი და 26 წლის ჰომერ გირი გამოცემა Vogue-ის სექტემბრის ნომრის გმირები გახდნენ. ახალგაზრდა მსახიობებმა გამოცემისთვის მშობლების ლეგენდარული ფოტოსესია გაიმეორეს, რომელიც საკულტო წყვილმა ამავე ჟურნალისთვის 1992 წელს გადაიღო.
კაია და ჰომერი, რომლებიც ერთად რაიან მერფის ახალ სერიალში „ნამსხვრევები“ (The Shards) თამაშობენ, ფოტოგრაფ სტივენ მაიზელის ობიექტივის წინაშე „დიორის“, „პრადას“ „ბოტეგა ვენეტას“, „შანელის“, „დოლჩე და გაბანას“, „ვალენტინოს“, „ივ სენ ლორანისა“ და „ჯორჯო არმანის“ სამოსში პოზირებდნენ.
ინტერვიუში მათ ცნობილი ოჯახების შვილად ყოფნასა და კარიერის დაწყებაზე ისაუბრეს.
ჰომერ გირი, რომელიც კინოში სულ ახლახან გამოჩნდა, ამბობს, რომ მსახიობობას არ გეგმავდა და არც მამის, რიჩარდ გირის, კვალის გაყოლა სურდა. ის ჰოლივუდისგან შორს გაიზარდა, ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა და გასულ ზაფხულამდე პროფესიონალურ გადასაღებ მოედანზე ერთხელაც არ ყოფილა.
დღეს კი მის ფილმოგრაფიაში უკვე ორი გახმაურებული პროექტია, „ნამსხვრევები“ და პოპულარული სერიალი „ეიფორია“.
კაიას თქმით, გადაღებების დაწყებამდე ის და ჰომერი პირადად არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა გადასაღებ მოედანზე სწრაფად დაახლოვდნენ და მეგობრები გახდნენ.
ცნობისთვის, სინდი კროუფორდი და რიჩარდ გირი დაახლოებით 7 წელი იყვნენ ერთად. განქორწინების შემდეგ რიჩარდ გირმა მსახიობ და მოდელ, კერი ლოუელთან დაიწყო ურთიერთობა.
2000 წელს წყვილს ვაჟი, ჰომერი შეეძინა, ორი წლის შემდეგ კი ისინი დაქორწინდნენ. მათი ქორწინება 2016 წელს დასრულდა. განქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გირმა პუბლიცისტ, ალეხანდრა სილვასთან დაიწყო ურთიერთობა. წყვილმა 2018 წელს იქორწინა და დღეს ორ ვაჟს ზრდიან.
რაც შეეხება სინდი კროუფორდს, ის მანეკენსა და რესტორატორ, რენდი გერბერზე დაქორწინდა. 1999 წელს მათ ვაჟი, პრესლი, შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კაია გაჩნდა.
ვისზე გაცვალა კაია გერბერმა ოსტინ ბატლერი – მოდელი ცნობილი მსახიობის შვილს ხვდება
„წლები სინდი კროუფორდსაც ამარცხებს“ – ლეგენდარული სუპერმოდელი მეუღლესთან ერთად სანაპიროზე


