6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, დინებამ მცირეწლოვანი გაიტაცა, დედამ კი მისი გადარჩენა სცადა და დინებამ ქალიც გაიტაცა.
7 წლის ბიჭის ცხედარი მალევე აღმოაჩინეს, მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს ახალგაზრდა ქალის, ელენე სახეიშვილის ცხედარიც.
დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ოჯახის ახლობლები და მეგობრებში საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ემშვიდობებიან.
„არ მეგონა, თუ ოდესმე პოსტის დადება მომიწევდა ამ თემაზე… მით უმეტეს, შენზე და შენს პატარა ბიჭზე.
არ მეგონა, თუ შენს სახლში ოდესმე ამ მიზეზით მოვიდოდი. გამოსამშვიდობებლად…
შვიდი წელი ისე არ გაგივლია, შვილისთვის ხელი არ გაგიშვია… და არც ახლა გაუშვი. ბოლომდე ერთად იყავით, როგორც ცხოვრებაში, ისე ამ უკანასკნელ გზაზეც.
ცხოვრება ზოგჯერ ისეთი დაუნდობელია, პასუხებსაც კი არ გვიტოვებს… მხოლოდ მონატრებას, მოგონებებს და უამრავ „ნეტავ“-ს.
ძალიან ძნელია დავიჯერო, რომ შენი ნახვა ახლა მხოლოდ მოგონებებში შემეძლება. შენი სიცილი, შენი ხმა, შენი პატარა ბიჭის ღიმილი, ყველაფერი დარჩება ჩვენს გულებში.
მშვიდად განისვენეთ. ერთმანეთს იქაც ჩაეხუტეთ, სადაც აღარ არსებობს ტკივილი და განშორება. თქვენი გზა ნათელი იყოს, თქვენი ხსოვნა კი მარადიული.
მომენატრებით… და არასდროს დაგივიწყებთ“, – წერს ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
