ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მეუფე ზენონი მრევლს ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს და ადამიანურ სისუსტეებსა და იმ მანკიერ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი თქმით, დღეს ქვეყანაშია.
„ქრისტე იშვა ბეთლემში. ღარიბებო, ქრისტე იშვა სიღარიბეში! მდიდრებო, ქრისტე იშვა სიღარიბის სიმდიდრეში! მართლმადიდებლებო, ქრისტე იშვა თავმდაბლობის სიდიადეში! ქვითა და ოქროვერცხლით, ხელით ქმნილი ტაძრის მაშენებლებო, ქრისტე იშვა პირუტყვთა სადგომში! სრა-სასახლეთა მეხოტბენო, ქრისტე იშვა ფიცრულ ბაგაში! სასულიერონო, ქრისტე იშვა მოკრძალებაში, სიყვარულის მორჩილებაში! ხელისუფალნო, ქრისტე იშვა მიუკერძოებელი მსაჯულის სამართლიანობაში! მაგრამ, იშვა ქრისტე ჩვენს გულში?! თითქმის ყოველი ჩვენგანი ვდღესასწაულობთ შობის ბრწყინვალებას, მაგრამ გვავიწყდება, რომ ღარიბ-ღატაკთა დაუცხრომელი ქომაგი, განსაცდელში და მწუხარებაში მყოფთა თანამწუხარე, მგლოვიარეთა თანამგლოვიარე, უსახლკაროთა თანაუსახლკარო, მშიერთა, სამოსლის არმქონეთა თანამშიერი და შიშველი. თავისუფლება აღკვეთილთა თანათავისუფლება აღკვეთილი, დამცირებულთა თანადამცირებული, გარიყულთა თანაგარიყული, მიტოვებულთა თანამიტოვებული, ყოველწუთიერად დადის ქრისტე ჩვენს შორის. ესაია წინასწრმეტყველის ბაგემ აღმოთქვა ქრისტეს შობამდე მისი შობა და მისმა ბაგემ აღმოთქვა ეს სიტყვებიც: ” ისმინე ცაო და ყურადიღე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკაობს: ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ; ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ მალამოთი დაუამებელი. თქვენი ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ისწავლეთ სიკეთის კეთება, ეძებეთ სამართალი, გაკიცხეთ მჩაგვრელი, სამართალი გაუჩინეთ უმამო ბავშვს, ქვრივს გამოესარჩლეთ. ყოველი მათგანი ქრთამის მოყვარულია და ძღვენს არის დახარბებული. ის, რაც საწყალს ძარცვით წაართვით, სახლებში ინახავთ. რატომ ჩაგრავთ ჩემს ხალხს და ავიწროებთ საწყლებს? ვაი მათ, ვინც ბოროტს მართლად აცხადებს და მართალს სიმართლეს ართმევს!”. ამპარტავნობის ტყვეობაში, თვითკმაყოფილებასა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში, ცილისწამებასა და ურთიერთ ჩასაფრებაში, მევახშეობა-ანგარების, გამორჩენისა და გამოყენების, უსიყვარულობასა და უპატივცემულობაში, სხვისი უბედურებისა და შურის მსახურებაში არ იდიდება ყოველთა დამბადებელი მაცხოვარი. რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დარჩა უსახლკარო, რამდენი იქცა ხიზნად, რამდენს დაენგრა ოჯახი, რამდენი ადამიანი მივიდა სულიერი და ფიზიკური განადგურების პირას. რამდენმა მოიკლა თავი, სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელის სიმძიმით. რამდენი მზრუნველობას მოკლებული ბავშვი და მოზარდი შევმატეთ ქვეყანას, რამდენს წავართვით ცხოვრება. რამდენი გაღატაკდა უსინდისოთა გასამდიდრებლად. სასოწარკვეთილი და ეულად ქცეული ვერ შეძლებს ვერც ქვეყნის პროდუქტიულ მოქალაქობას და ვერც ღმერთის დიდებას, რადგან დასუსტებული და ღონემიხდილი ადამიანი სულიერად კვდება. ასე გადავაქციეთ ჩვენი სამშობლო სულიერ და ფიზიკურ ცხედართა სამყოფელად. რამდენი ჩვენი თანამემულეც იქნა გამწარებული და გაუბედურებული ათწლეულობის მანძილზე ჩვენს თანამედროვეობაში, იმდენი ქვა დაიდო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ცხოვრების წარუმატებლობისთვის. ეს ქვები იქცა ჯერ ლოდებად, ხოლო შემდეგ ცათამბრჯენ წინაღობად, როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ. თუ სულის ტაძარი ზიანდება, მაშინ რომელი ტაძარი შენდება?! ქრისტეს შობას გილოცავთ ჩვილშობილის მსასოებელნო!,“ – წერს მეუფე ზენონი.