LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველებმა მინდობილობა ზაალ უდუმაშვილს გადასცეს

68

დავით დვალისა და რევაზ საყევარიშვილის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის მართვისთვის მინდობილობა  ზაალ უდუმაშვილს გადაეცა,  ამის შესახებ დავით დვალმა რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორი დღის წინ შეხვდნენ უდუმაშვილს და აღნიშნულ თემაზე ისაუბრეს, თუმცა, დვალი აღნიშნავს, რომ თანხმობა ნიკა გვარამიას მოადგილეს ამ დრომდე არ უთქვამს  და დაპირდა, რომ შეთავაზებაზე იფიქრებდა. დვალის თქმით, უდუმაშვილი დროებითი მმართველების მინდობილობით ისარგებლებს  მანამ, სანამ სასამართლო „რუსთავი 2“-ის თემაზე დავას არ დაასრულებს.

დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

“იმისთვის, რომ შეგვევსო არსებულ პერიოდთან დაკავშირებული ვაკუუმი – ჩვენ არ შევდივართ “რუსთავი 2”-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება, ჩვენ მივმართეთ თხოვნით დამფუძნებლებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად არაადეკვატური პასუხისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიმართვაზე, რომ არ გვცნობენ საერთოდ, მაინც გადავდგით შემდეგი ნაბიჯი. მე ორი დღის წინ შევხვდი “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული,  დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება.

დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს.მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტიებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფaსოვნად შეუძლია,  განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია”, – აღნიშნა დავით დვალმა.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ზუსტად 15 საატზე ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g