„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები ქეთევან წამებულის ქუჩაზე იმ ბინაში იმყოფებოდნენ, სადაც სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებელი კუსტარული წესით იყო დამონტაჟებული, ნამწვის დაგროვების შედეგად 7 მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე “ყაზტრანსგაზმა” არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი ქსელიდან მარტის თვეში ჩახსნა. როგორც ვარაუდობენ, ბინაში მცხოვრებლებმა გამაცხელებელი თვითნებურად მიაერთეს ქსელზე.
“თვითნებურად არის მიერთებული გამაცხელებელი ქსელზე. კომპანიის არქივში გაგვაჩნია შესაბამისი აქტი, სადაც ფიქსირდება ჩახსნა, ქსელიდან გამორთვა და რომელსაც მომხმარებელი აწერს ხელს. 2018 წლის მარტის თვეში მოხდა ეს. ბინაში შესვლა და შემოწმება გეგმიურად ხდება წელიწადში ერთხელ. ყაზტრანსგაზმა თავისი საქმე შეასრულა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა.
შემთხვევის შესახებ კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა.
“ქეთევან წამებულის ქუჩის #67-ში ნაპოვნია 7 გარდაცვლილი. წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას,” – ნათქვამია განცხადებაში.