დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ოთხი საკითხის დაყენებას აპირებს.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სხდომაზე დააყენებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას შეეხება.
„მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა, რომ დღეს დავაყენო და გადაწყვეტილებები უნდა შევაჯეროთ. პირველი, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე კანონმდებლებმა იმსჯელონ პარლამენტში და არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და თავად სურთ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მეორე, საკითხია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება და ამ ცვლილების მხარდაჭერა, ცვლილებები უკვე მომზადებული მაქვს. მესამე, ეს არის თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ რისკები, რათა მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი გაიმართოს და უზენაეს სასამართლოში ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რაზეც უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობას აპირებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს შეეხება.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე წესით შემადგენელი საკითხია მთელი ამ პროცესის და დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ახალი თავმჯდომარე იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დამცველი იყოს, რომელსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ. ეს არის ძირითადი საკითხები, რომელზეც მინდა, რომ ვისაუბროთ. არამხოლოდ ამაზე ვისაუბროთ, არამედ გადაწყვეტილებები მინდა, მივიღოთ დღეს, ეს იქნება ჩემი პოზიცია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს.
შეხვედრის მთავარი თემა კვლავ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებია.